სოციალური დახმარება

ბახტაძე: სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება იზრდება და 50 ლარი იქნება

ქართული ოცნების პრესსამსახური

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები და მოზარდები მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას და არსებული 10-ლარიანი დახმარება 50-ლარიანი დახმარებით შეიცვლება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სისტემა, შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები, მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას, 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ დახმარებას, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140,000-მდე ბავშვს. აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. შესაბამისად, ეს გახდება ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. "

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე, მისი განცხადებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და ეს იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო განზომილება კიდევ უფრო გაიზარდოს. 

"ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და განვიხილავთ საკითხს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად. კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით, ჩვენი მეგობრები გამოეხმაურნენ და თავიანთი ინიციატივა დააფიქსირეს, 28 კონგრესმენმა მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რომ დავაჩქაროთ ამ ინიციატივის განხილვა."

კომენტარები