უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

დაუჭერს მხარს საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას?

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
0 კომენტარი

წინა წერილებში უკრაინის საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებასა და კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილებაზე — მიანიჭოს უკრაინას ავტოკეფალია — და ამ გადაწყვეტილების კანონიკურ-სამართლებრივ მხარეებზე, იმ უფლება-მოვალეობებზე, რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიას მსოფლიო კრებებით აქვს გამყარებული.

ვინაიდან, ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ამ პროცესებს — ზოგს მიაჩნია, რომ უკრაინის სიტუაცია ძალიან ჰგავს საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ვითარებას, ზოგი მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან აკავშირებს და სხვა — ამიტომ ახლა, გვსურს, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

თავშივე უნდა დავსვათ რამდენიმე აქტუალური კითხვა:

  1. უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის პროცესებს?
  2. რამდენად არის ჩვენთვის უკრაინაში მიმდინარე პროცესები დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მის საეკლესიო იურისდიქციასთან?
  3. რას ნიშნავს ჩვენი ნეიტრალური პოზიცია და რა ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ ხვალ?

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს ჩვენთვის რაიმე პოზიციის დაფიქსირება, თუნდაც მხარდაჭერა, არ უთხოვია და არც მოუთხოვია. იგი (მსოფ.საპ.) მოქმედებს მისივე კანონიკური ნორმების ფარგლებში, აწარმოებს მოლაპრაკებებს და ინფორმირებას ახდენს და-ეკლესიებისა, რაც ცალსახად მისი ვალდებულებაცაა. ერთი სიტყვით, ის მოქმედებს ისე, როგორც ამას მრავალსაუკუნივანი გამოცდილება და წმინდა კანონების გამოყენების მეთოდოლოგია კარნახობს. ხოლო ჩვენთვის, იმ პირობებში, როცა საეკლესიო სამართლის გამოყენების პრაქტიკა საერთოდ მოშლილია და არ არსებობს საეკლესიო სასამართლო ინსტანციები არც ეპარქიულ და არც საპატრიარქო დონეზე, გაუგებარი ხდება, თუ რას გულისხმობს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდრის "აპელაციის უფლება". აქვე შევნიშნავთ, რომ სიტყვათა ამგვარი წყობა ("აპელაციის უფლება") ქართულენოვან სივრცეში მხოლოდ უკრაინის საეკლესიო ამბებთან მიმართებაში გაიჟღერა; არაფერს ვამბობთ მის შინაარსსა და დატვირთვაზე.

ჩვენი ეკლესიის ნეიტრალურობა უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში გამოწვეულია ძირითადად ორი ფაქტორით:

  1. ვაითუ კონსტანტინეპოლმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ჩვენ რა გვეშველება მერე?! და
  2. ვაითუ რუსეთმა ამით (უკრაინის მხარდაჭერით) ჩვენზე შური იძიოს და სრულად მოახდინოს ისედაც ოკუპირებული ტერიტორიების მითვისება და მისსავე საეკლესიო იურისდიქციად გამოცხადება, ან დამოუკიდებლად ცნობა.

ორივე არგუმენტი, შეიძლება ითქვას, შიში, უსაფუძვლოა და დღეს ეს უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე ამის დანახვა რამდენიმე თვის წინ შეიძლებოდა. კონსტანტინეპოლს წამოწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს — ამას გვიჩვენებს უკრაინაში არსებული სქიზმის გაუქმება/დაძლევა და 20 მილიონიანი მრევლის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარება. დარჩენილია მხოლოდ ტომოსის (ავტოკეფალიის მინიჭების) ფორმალური მხარე. საქართველოს ეკლესია აკვირდება პროცესებს, აკვირდება ასევე სხვა ადგილობრივი ეკლესიების დამოკიდებულებებს, რომელთა უმრავლესობის პოზიციები პოლიტიკური ანგაჟირებით უფრო იყო გამოწვეული, ვიდრე საეკლესიო პოზიციების დაფიქსირება.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, განსაკუთრებით კი აფხაზეთს, რომლის საეკლესიო ტიტულატურასაც კათოლიკოს-პატრიარქი თავად ატარებს: აფხაზეთში მოცემული ვითარებით, ცხადია, რომ იქ უკვე არაკანონიკურად მოქმედებენ რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული სასულიერო პირები, და არსებითად არაფრის შემცველია მოხდება თუ არა რუსეთის მხრიდან ამის რაიმე სახით ცნობა. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გვჭირდება ძლიერ მხარდამჭერი და-ეკლესიები (საერო ენაზე, პარტნიორები), რომლებიც ჩვენ ამ საეკლესიო დავაში დაგვიცავენ და არ დაიკავენენ რუსეთის სასარგებლო პოზიციებს. ვფიქრობთ, ამ საქმეში ჩვენი ყველაზე კარგი მოკავშირე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო იქნებოდა, რომელიც თავის მხრივ მზად არის ჩაერთოს კიდეც პროცესებში, თუმცა უკვე მრავალი წელია ჩვენ მას ამის უფლებას არ ვაძლევთ და არც სხვა რაიმე ალტერნატიულ გზებს მივმართავთ, რაც სიტუაციის განმუხტვას კი არ უწყობს ხელს, არამედ აფხაზეთში მყოფ საეკლესიო სეპარატისტულ დაჯგუფებებს ამძლავრებს, და ადრე თუ გვიან, ეს თავის შედეგებს გამოიღებს, სამწუხაროდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ.

სწორედ ამიტომ, უკრაინის ავტოკეფალიის პროცესებში ჩვენი თვითნებური მხარდაჭერა მსოფლიო საპატრიარქოსადმი, იქნებოდა ჩვენი მხრიდან წინდახედული ნაბიჯი, შემდგომში მათი მხრიდან ჩვენი დახმარებისა, რისი პირობაც ჩვენ კონსტანტინეპოლმა არაერთხელ აღგვითქვა, განსაკუთრებულად კი მათი დელგაციის ბოლო ვიზიტის დროს, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა:

"ყოველთვის გახსოვდეთ და გჯეროდეთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო და მისი ყოვლადუწმინდესობა არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რომელშიც თქვენს ეკლესიას სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. ყოველთვის გწამდეთ და გჯეროდეთ, თქვენო უწმინდესობავ, რომ მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელსაც უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანამდგომი, თქვენს გვერდით დგას და იმავეს გააგრძელებს სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაში, რაც თქვენი ეკლესიისათვის არის აუცილებელი და საჭირო".

ხოლო, თუ რა დიდი რესურსები აქვს ერთ პატარა თურქულ უბანში მოქცეულ მსოფლიო საპატრიარქოს, უკრაინის საკითხებთან მიმართებაში, ადვილად თვალსახილველი გახდა.

ჩვენ დავინახეთ, რომ ახალი დიდი სქიზმის წარმოშობა რუსეთმა ვერ მოახერხა. მართალია, მოსკოვმა ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული ერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, მაგრამ ასეთივე ტენდენტიური არ აღმოჩნდა თავად მსოფლიო საპატრიარქო. რუსეთის მცდელობა, ორად გაეხლიჩა მართლმადიდებლობა, რომელსაც ზოგიერთი კონსტანტინოპოლსაც კი მიაწერს, არ გამოვიდა. უკვე ნათლად ჩანს, რომ თავდაპირველ ეტაპზე, კონსტანტინეპოლის მხრიდან უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის გადაცემის შემდგომ, რამდენიმე ეკლესია უთუოდ დაამყარებს ევქარისტიულ კავშირს.

თავად ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლი უკვე იქნება მათთან თანაზიარებაში, სხვა დანარჩენი კი კონსტანტინოპოლთან, გამორიცხავს სქიზმის რაიმე სახით არსებობასაც კი. ხოლო იმის რესურსები, მსგავსად რუსეთისა, გაწყვიტოს კონსტანტინოპოლთან ევქარისტია, არცერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიას არ აქვს, მით უფრო არც საქართველოს ეკლესიას. შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, ყველა ეკლესიას ნელ-ნელა დაამყარებს უკრაინასთან ერთობას, რაც დღევანდელ გლობალიზირებულ სამყაროში უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ჩვენ ეს შეიძლება პირველ ათასწლეულში წარმოგვედგინა.

ჩვენ განზრახ არ გვსურს გამოვიყენოთ სიტყვა "დამარცხება" რუსეთის ეკლესიასთან მიმართებაში, რადგან ეს პროცესები, ერთის მხრივ, უკრაინაში სამართლიანობისა და დარღვეული ერთობის აღდგენაა, ხოლო მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეკლესია თავად საჭიროებს განკურნებას იმ იდეოლოგიისაგან, რომელშიც იგი მისივე სახელმწიფოს იმპერიალისტური ზრახვების გამო არის გახვეული. შეიძლება, დადგეს კიდეც დრო, როცა სხვა ეკლესიები მას დაეხმარებიან ამ დამღუპველი იდეოლოგიისგან განთავისუფლებაში, მაგრამ მანამდე ეს მან თავად უნდა ისურვოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ ჩვენი ამჟამინდელი ნეიტრალური დამოკიდებულება ძალიან გავს წმინდა და დიდი კრების (კრეტა 2016) მიმართ ჩვენი ეკლესიის პოზიციებს. როგორც ჩვენი კრეტაზე არწასვლით (მიუხედავად კრების მოწვევის დროს გაცხადებული თანხმობისა) არ გადაწყვეტილა კრების ჩატარება-არჩატარება, ასევე არ წყდება ჩვენი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ მისდამი ავტოკეფალიის ბოძების საკითხი. იმის მიუხედავად, რომ კრეტის კრების ჩატარების შემდგომაც კი, აღნიშნული კრება საქართველოს ეკლესიის ზოგიერთ (შეიძლება საკმაოდ მრავალრიცხოვანი) იერარქთა და სასულიერო პირთა მხრიდან მიჩნეულია, როგორც "ავაზაკთა კრება" და "ერეტიკული კრება", საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის კრეტის კრების შემდგომ ოქმში, ნეიტრალური და ფრთხილი პოზიციები ამოიკითხება: "ამგვარი შეკრება ათწლეულების მანძილზე იგეგმებოდა და იგი არის ღირსშესანიშნავი და განსაკუთრებული მოვლენა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში" (სინოდის ოქმი, 22.12.2016); უფრო მეტად კი — დუმილი. ეს კი მიუთითებს რა, რომ ერთის მხრივ, ჩვენ, იძულებისა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, დავყევით რუსეთის ეკლესიის გზავნილს, მეორეს მხრივ, გამოვიჩინეთ საკმაოდ მოსაწონი სიფრთხილე იმისათვის, რომ პერსპექტივაში ზემოაღნიშნული წმინდა და დიდი კრების უთუოდ აღიარება მოხდეს ჩვენი ეკლესიის მხრიდან, თუმცა, რასაკვირველია, ასეთი ქმედება, ნამდვილად არ ჰგავს დამოუკიდებელი, ავტოკეფალური და სამოციქულო ეკლესიის პოზიციებს, რომლის ხაზგასმაც ჩვენ ასე ძალიან მოგვწინს.

ირაკლი ჯინჯოლავა არის მიუნხენის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის დოქტორანტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები