ზაზა სარალიძის საქმე

სარალიძის ადვოკატი: დაზარალებული მხარე გვყავს ბრალდებულის სტატუსით

0 კომენტარი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის ადვოკატი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ მათ ბრალდებულისთვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ მოითხოვეს. ნესტან ლონდარიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძე მსხვერპლია და არა დამნაშავე.

"ის არამარტო ხორავას ქუჩაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით არის დაზარალებული, არამედ, დღესაც, სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ის სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით, ჩემთვის და ყველასთვის, ზაზა სარალიძე არის დაზარალებული. მას შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე წვიმასა და ქარში იმყოფებოდა აუცილებელი ნივთების გარეშე. კანონით მას ეკუთვნის ამის მოთხოვნის უფლება, მას შეეზღუდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება, სწორედ ამ გარემოებამ მოგვიყვანა სასამართლოში, დაზარალებული მხარე გვყავს ბრალდებულის სტატუსით, ეს არ არის გარემოება, რომელსაც უნდა შევეგუოთ.

დიახ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვამბობთ, რომ საბრალდებო დასკვნა შეიცავს არასწორ ფორმულირებას - დასკვნაში წერია, რომ დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ვიდეო და შენელებულ კადრებში ნახავთ, რომ იქ ნამდვილად არ არის ბლაგვი საგნით ზიანის მიყენება, სხვა გარემოებაა, რაზე ვიმსჯელებთ იმ კადრებიდან გამომდინარე, მაგრამ არა ბლაგვი საგნით მიყენებაზე" - ამბობს ადვოკატი.

რუსთავში ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის მოსამართლე ქეთევან ლუაშვილია. დღეს იმ სხდომის თარიღი უნდა განესაზღვრათ, რომელზეც სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდნენ. 

თუმცა, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა. ლევან ჯალაღანიას თქმით, სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. 

სარალიძეს ბრალი 28 ოქტომბერს წარუდგინეს. ამ დღეს საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ "აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ ითხოვს და გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს". 

"მოხდა მტკიცებულებების შეფასება. ამ ეტაპზე არ არსებობს [აღკვეთის ღონისძიების დაყენების] საფუძველი, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი. მივმართეთ სასამართლოს მხოლოდ და მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით", - თქვა პროკურორმა.

დღესვე განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი, რომელზეც მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ - ის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები