არჩევნები 2018

ჟვანია: ვერ გეტყვით, როდის იქნება II ტური, როგორც კანონი მოითხოვს, ისე დაინიშნება

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია არ არის რეალური იქამდე, სანამ ცესკო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, შეჯამების თარიღის შემდეგ, ორი კვირის ფარგლებში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი არჩევნების დღის დანიშვნა.

რუსთავი 2-ის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, არჩევნები დაინიშნოს 28 ნოემბერს ანუ სამუშაო დღეს, თამარ ჟვანია პასუხობს, რომ ვერაფერს ვერ იტყვის.

"ცესკომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეჯამების ვადებზეა დამოკიდებული" - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.

კითხვაზე, როდის შეჯამდება, თამარ ჟვანია პასუხობს, რომ "როცა იქნება კანონმდებლობის მოცემულობა".

"ვერაფერს ვერ გეტყვით, ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით და როგორ გითხრათ მე, როდის იქნება. მედია უკვე ერთი კვირაა სხვადასხვა თარიღს ავრცელებს. არის საუბარი 25-ზეც, 28-ზეც, 2-ზეც, არცერთი არ არის რეალური მანამდე, სანამ ცესკო არ გადაწყვეტს. ნებისმიერ დღეს შესაძლებელია. როგორც კანონი მოითხოვს, ისე დაინიშნება" - ამბობს ჟვანია.

კანონმდებლობით, არჩევნების არასამუშაო დღეს უნდა ჩატარდეს, თუმცა, მეორე ტურზე მსგავსი დათქმა არ არსებობს.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გაიმართოს. მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები