სექსუალური შევიწროება

"ეფერებოდა, ჩქმეტდა" - 12 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 55 წლამდე კაცი დააკავეს

ebru.co.ke

12 წლის გოგო ყვება, რომ ბათუმში, ავტობუსში, 55 წლამდე კაცი სექსუალურად ავიწროებდა.

შემთხვევა 1 ნოემბერს მოხდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიციას მხოლოდ 5 ნოემბერს მიმართეს.

არასრულწლოვნის დედა ტაბულასთან ამბობს, რომ ბავშვი სკოლიდან მოვიდა აღელვებული, თუმცა თავდაპირველად მიზეზი არ უთქვამს.

"ბავშვი სახლში მოვიდა ძალიან აღელვებული. მიზეზი რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ცოტა ხანს დაველოდე და დაახლოებით ორი საათის მერე ისევ ვკითხე. მითხრა, რომ სკოლიდან სახლში წამოსასვლელად ავტობუსში რომ ავიდა, დაახლოებით 55 წლის კაცმა მიაყენა შეურაცხყოფა - ეფერებოდა, ჩქმეტდა. მისმა კლასელებმა ითხოვეს დახმარება. ძალიან დიდი სტრესი მიიღო, ისედაც ავად არის", - ამბობს მშობელი.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ბავშვისგან შეიტყო, არასამთავრობო ორგანიზაცია "იალქანს" დაუკავშირდა, მოუყვა ყველაფერი და შემდეგ პოლიციას მიმართა.

დედა ამბობს, რომ არასრულწლოვანი ამ დრომდე არ წასულა სკოლაში, რადგან ეშინია.

"არ უნდა არავისთან კონტაქტი და აღარ გავუშვი, მინდა დრო მივცე რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. იმედია ორშაბათიდან წავიყვან, მაგრამ მეც უნდა გავყვე, მარტო ეშინია", - ამბობს მშობელი.

ტაბულა დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია "იალქანსაც", რომელიც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრია. ორგანიზაციას აქვს ფონდიც, რომლის ბენეფიციარია სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მოზარდის ოჯახი.

"იალქანის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოჯახი არის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი, ამასთან, 12 წლის გოგოს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ავტობუსში მომხდარის შემდეგ, მისი წამლები აღარ შველოდა.

თეონა აბაშიძის თქმითვე, ბავშვი სტრესში იყო და არ იცოდნენ, შეძლებდა თუ არა ყველაფრის პოლიციისთვის მოყოლას, ამიტომ შსს-ს 5 ნოემბერს მიმართეს.

"საბედნიეროდ, არიან მოწმეებიც. ბავშვი ყვება, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სკოლიდან დაბრუნების შემდეგ 55 წლამდე მამაკაცმა დაუწყო ხელების ფათური. მისი კლასელებიც შეესწრნენ ამ ფაქტს, დახმარება სთხოვეს სხვა ერთ-ერთ მგზავრს, რომელმაც სცადა ეს კაცი ტრანსპორტიდან ჩაეყვანა, თუმცა ის გაიქცა. ბავშვი შეშინდა, შეშფოთდა. ის ქრონიკულად ავადობს და სვამს წამლებს, მაგრამ ამ ამბის მერე ვეღარ შველოდა, ისე დაუმძიმდა მდგომარეობა. დაეწყო შიში, არ უნდოდა სკოლაში წასვლა. შინაგანად რა კვალი დატოვა ამან მასზე, ამაზე ფსიქოლოგები ისაუბრებენ, ალბათ ჩაერთვებიან", - ამბობს აბაშიძე.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გახმაურდა, მათ ორგანიზაციას დაახლოებით ასამდე ადამიანმა მიმართა, რომლებიც კონფიდენციალურად წერენ, რომ მათ შვილს, ახლობელს ან თვითონაც ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

"გამოდის, რომ დაზარალებული გვყავს ბევრად მეტი ბავშვი, მაგრამ გვყავს ერთი, რომელმაც მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემისა, ისაუბრა ამაზე", - ამბობს თეონა აბაშიძე.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც ამბობენ, რომ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას გულისმხობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე.

კომენტარები