ხორავას ქუჩის საქმე

"კანონია მარტივი გამოსავალი, სხვა ადგილი ნახონ" - კალაძე სარალიძეს და მაჩალიკაშვილს პასუხობს

მანანა თოქმაჯიშვილი

"კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის" - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. 

"მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია, დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის" - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერია ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს, შეცვალონ აქციის ადგილი. ზაზა სარალიძის თქმით, მან 1 ნოემბერს მიმართა მერიას აქციის გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ კი მიიღო წერილი, რომ 7 დეკემბრიდან ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. სარალიძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.

"​მოგვიწოდეს პირდაპირ, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული აუცილებლად.​ ​ხელს ვუშლით როგორც ჩანს ვიღაცებს. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, არც იმ ბავშვებს, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა, ბრძანებაა თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ" , - ამბობს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, ამ წერილით სახელმწიფო ეუბნება, რომ მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ ექნება და სულ ერთია, სად იდგებიან ისინი.

"ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღმართონ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ ეს, წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერილი და კალაძის უწყებიდან გამოგზავნილი", - ამბობს ზაზა სარალიძე.

კომენტარები