9 აპრილი

მეჩითოვი: იმიტომ აღშფოთდნენ, რომ მითია შექმნილი, თუ მეც საერთო დინებას უნდა ავყვე?

იური მეჩითოვი
Al Jazeera

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ამბობს, რომ მას 9 აპრილთან დაკავშირებით ის ინფორმაცია აქვს, რაზეც ალ ჯაზირას ეთერში ისაუბრა. მისი მტკიცებით, არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნები და დოკუმენტაცია, რომელიც "დამოუკიდებელმა კომისიამ", ელდარ შენგელაიას ხელმძღვანელობით მოამზადა. მეჩითოვის თქმით, 9 აპრილს ნიჩბებით არავინ მოუკლავთ და აქციის მონაწილეები ასფიქსიით დაიღუპნენ.

"ვერ გავიგე, რა, სამედიცინო დასკვნები არ არის მაგვარი თუ მე მეშლება? მე ამ დოკუმენტებს ვეცნობოდი 29 წლის წინ, როცა ეს დიდი უბედურება მოხდა, ჩვენ ყველა განვიცდით, ვინც ვიყავით ახლოს ამ საქმესთან, ამ ხალხს ცოცხლებს ვხედავდით და მერე ვნახეთ მკვდრები. ჩემთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია,

მაგრამ მე ვეცნობოდი ასევე მასალებს და ეს გოგონები და ქალბატონები, სამწუხაროდ, ახლა არ ვიცი, შეიძლება, სხვა დოკუმენტები არსებობს, მაგრამ იმ დოკუმენტებით, რასაც მე ვეცნობოდი, ეს დოკუმენტები იყო დამოუკიდებელი კომისიის, რომელსაც ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა, ეს იყო კინოსტუდიიის ფარგლებში, მაშინ სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობდა, გადადგა მოგეხსენებათ ჯუმბერ პატიაშვილი და მთელი ამბავი" - თქვა მეჩითოვმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში, Newsroom-ი. მისივე მტკიცებით, "ეს არ იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ დადებული დასკვნა".

"აი, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ნიშნები დაიწყო ზუსტად ცხრა აპრილიდან, მაშინ ამოქმედდა ზუსტად კომისია, რომელიც იყო დამოუკიდებელი, მაშინ იყო ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი მენაღარიშვილი, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად იქცეოდა და პრაქტიკულად დადეს ყველაფერი, რაც იყო საჭირო. არავინ არაფერი არ დამალა, მითუმეტეს, რომ რატომღაც ყველას უნდოდა ჯარის გაშავება, ეს იყო ტრენდი და ამ ტრენდის გამოყენებისთვის, ყველაფერი გაკეთდა. რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული ბასრი იარაღი, დაჭრეს ჩვენი ვაჟკაცები, რომელიც იბრძოდნენ" - თქვა მეჩითოვმა.

გადაცემის წამყვანმა ფოტოგრაფს შეახსენა, რომ ის 9 აპრილზე საუბრობს და მისმა განცხადებებმა აღშფოთება გამოიწვია.

"არსებობს აღშფოთება, იმიტომ, რომ შექმნილია მითი, მითოლოგია ასეთი და ამიტომ არის აღშფოთება, როცა შენ დააძალებ, 30 წელი გავიდა და ერთი და იგივეს ეუბნები, რომ დაგვჩეხეს ნიჩბებით და ასეთი რაღაცა... მაგრამ მე როცა მეკითხებიან, მე ვამბობ იმას, რაც მე ვიცი. თუ მე უნდა ავყვე საერთო დინებას, გამაგებინეთ? მე ხომ ცალკე პიროვნება ვარ, არა? თუ არ მაქვს მე, როგორც ცალკე პიროვნებას, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება? ეს დაყრდნობილია თან დოკიმენტებზე, პირად გამოცდილებაზე, პირად საუბრებზე უამრავ ადამიანთან, შეიძლება, სხვას აქვს სხვა ინფორმაცია, გამიზიაროს, ეს ინფორმაცია, მაგრამ პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის, ხომ ასეა" - თქვა მეჩითოვმა Newsroom-ის ეთერში.

10 ნოემბერს Al Jazeera-ს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულზე და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს.

"აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს. რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები." - თქვა მან.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა - ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათისას იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

  • აზა ადამია, 22 წლის
  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის
  • თინა ენუქიძე, 70 წლის
  • ნინო თოიძე, 25 წლის
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  • მანანა ლოლაძე, 33 წლის
  • თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი
  • მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  • მანანა მელქაძე, 23 წლის
  • გია ქარსელაძე, 25 წლის

კომენტარები