ერთა ლიგა

ვლადიმირ ვაისი: ანდორა ბოლომდე იბრძოლებს და იოლი მატჩი არ გველის

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ანდორაში დღეს გამართავს. მატჩის წინ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოლო ვარჯიში ანდორის ეროვნულ სტადიონზე გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი იყო ჩართული. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. 

დღევანდელ ვარჯიშამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: „ანდორის მხრიდან ბრძოლას ველოდებით, რადგან კარგად ორგანიზებული გუნდია კარგი მწვრთნელით, რომელიც გუნდს ტაქტიკურად ყოველთვის შესანიშნავად ამზადებს. ანდორას ორი ქულა აქვს და შეეცდება კიდევ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, თუმცა ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი გვქონდეს.

რაც შეეხება წინა ხაზს, ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულადაა აწყობილი. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია ტაქტიკაც შესაბამისია. გუნდში ამ ეტაპზე გამოძახებულია არაბულია, რადგან ის ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ შესაძლოა არაბულმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მომავალზე, იცით, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ვნახოთ, როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ ყველა პოზიციაზე.

ჭანტურიშვილი ევროთასებზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ნაკრებში. მე მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო.

ჩვენ ფაქტიურად ყოველთვის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გვიწევს თამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ცოტათი განსხვავებული სათამაშო სქემით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი რეზულტატის ჩვენება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდროსთვისაც. იმიტომ, რომ ვიცი მარტივი თამაში არ გველის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ტაქტიკურ დავალებას და როგორ იმუშავებენ ბურთის გარეშე. ანდორა აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს და ჩვენ სწორედ ამისთვის მოვემზადეთ.“

გიორგი აბურჯანია: „ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ. უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ.“

ვარჯიშის შემდეგ მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი გურამ კაშიამ და ვაკო გვილიამ გააკეთეს:

გურამ კაშია: „როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრისთვის მომავალი ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სახლში ვთამაშობთ. ამასთან ერთად ჩვენი მიზანია, რომ ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და რეიტინგი გავიუმჯობესოთ, რათა ერთა ლიგის პლეი-ოფს საკუთარ სტადიონზე ვუმასპინძლოთ.

ეროვნულ ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ბევრი მოთამაშე იმსასურებს თამაშს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია. აქედან გამომდინარე მწვრთნელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და დააბალანსოს შემადგენლობა ისე, რომ მომავალ ორ თამაშში მაქსიმალური ენერგია გვქონდეს.“

ვაკო გვილია: „100 პროცენტიანი რეზულტატი გვაქვს, მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და წარმატებული თამაშის გაგრძელება გვსურს. ანდორის წინააღმდეგ რა თქმა უნდა სამი ქულის მოპოვება გვსურს და ასევე არ გვინდა გოლი გავუშვათ. ყველამ ვიცით, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებთ თუ ქულათა შესაბამის რაოდენობას დავაგროვებთ.“

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები