9 აპრილი

მეჩითოვი: ტკივილი მივაყენე ადამიანებს, არ ვიცი ბოდიში შეანელებს თუ არა სამართლიან რისხვას

0 კომენტარი

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი 9 აპრილთან დაკავშირებული განცხადების გამო ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ბოდიშს იხდის.

მისი თქმით, გული ტკივა, რომ ასეთი განცხადებებით ტკივილი მიაყენა თანამემამულეებს და არ ამართლებს საკუთარ თავს.

"ჩემო საყვარელო ხალხო, მე მინდა მოგმართოთ თქვენ და განვაცხადო, რომ მე საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ასეთი განცხადებებით, რომლებსაც არ მქონდა მიზეზი, რომ ასეთი ტკივილი მიმეყენებინა ვინმესთვის, მაგრამ ასე მოხდა. მე არ ვეძებ არც გამართლებას ჩემს თავში და არც ვამართლებ ჩემს თავს, რამეთუ ეს ტკივილი ნამდვილია. ეს ტკივილი მე არ მშორდება. 29 წლის წინ ეს ამბავი მოხდა, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. მე მაშინ ძალიან განვიცადე, ვიყავი უამრავ პანაშვიდზე და ეს ტკივილი ახლაც შემომრჩა", - ამბობს მეჩითოვი.

გარდა ამისა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ ალ ჯაზირაზე მისი 30-წუთიანი საუბროდან მხოლოდ სამი წუთი გავიდა და ცუდი შთაბეჭდილება წარმოიშვა მის განწყობაზე. მეჩითოვის თქმით, გამოთქმული იყო უამრავი წუხული ტრაგედიის მიმართ, მაგრამ მისი "წუხილი, ცრემლი და გოდება" კადრს მიღმა დარჩა.

"სამწუხაროდ, ჩემი 30-წუთიანი საუბრიდან, საიდანაც მხოლოდ 3 წუთი გავიდა, წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ტრაგედიის, ნამდვილი ტრაგედიის მიმართ, სადაც სხვათაშორის, ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა. იქ იყო უამრავი წუხილი გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ, რადგან მოწმე ვიყავი მე ამის. ვხედავდი მე იმ ადამიანებს. ყველაზე საშინებელა ის არის, რომ  ჩემ გადარებულ სურათებში მოხვდა ერთი ადამიანი, რომელიც მერე მე შევნიშნე - ზის ჩაფიქრებული და შემძრა ამ სურათმა, გავაცნობიერე, რომ დღენახევარში ის ადამიანი ცოცხალი არ იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა კადრის მიღმა, მთელი ეს ჩემი წუხილი, ცრემლი და გოდება. დარჩა ის, რაც დარჩა. კინო არის ეს, ფილმი არის და ზოგი რამე სხვა რამეს ემსახურება. ისეც ხდება, რომ ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით. ჩვენ ვიცით, რა ცუდ დროს ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი. და მე გულწრფელი ადამიანი ვარ, მე როცა მტკივა, მე მტკივა", - ამბობს მეცითოვი.

ფოტოგრაფის აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოთქმულ ბევრ რამეს იზიარებს და არ იცის, გულწფელი ბოდიში შეანელებს თუ არა სამართლიან რისხვას.

"მე ძალიან გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, მათ შორის ჩემს მეგობრებსაც, რომელებიც არც ელოდნენ, რომ ასეთი რამე მოხდებოდა და ასეთი რამე შეიძლება მეთქვა. არ ვიცი ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც ვიგრძენი და ბევრ რამეს ვიზიარებ, რომელიც იყო გამოთქმული ჩემ მიმართ, იქნება კარგი. მთავარი, რა არ უნდა გააკეთო - არ უნდა ატკინო გული ადამიანს. შენი ახლობელი, შენი მოყვარე, შენი თანამემამულე, შენი ჯიგარი არ უნდა აწყენინო და არ უნდა ჩააგდო ასეთ დღეში", - აღნიშნავს იური მეჩითოვი.

გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ფოტოგრაფმა ასევე თქვა, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა სახარბიელო არ არის და იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი მის მდგომარეობას გაიგებს.

"ჩემი დღევანდელი მდგომაროება არ არის სახარბიელო რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გაიგებენ ჩემს მდგომარეობას და სხვანაირად, როგორც ჩვევია ქართველ ხალხს, შეხედავენ ამ მდგომარეობას. მთავარია ჩვენ ისე გავაკეთოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ტყუილად და აგვეშენებინოს ისეთი სახელმწიფო საბოლოო ჯამში, რომლითაც ჩვენ ყველა ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ერთად ბედნიერად და კარგად", - ამბობს მეჩითოვი.

კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს". 

მან ისაუბრა რუსეთზეც და აღნიშნა, რომ "200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები".

ამ განცხადებების კომენტირებისას კი ფოტოგრაფმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის საქართველომ დაიწყო.

"2008 წელს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროვოკაცია სააკაშვილის თამადობით, დავბომბეთ ცხინვალი, ქართული ქალაქი, მართალია, მანდ არავინ არ იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ასეც არ იყო მთლად და სწორედ ამ ავანტიურით დაიწყო ეს ომი" - ამბობს მეჩითოვი რუსთავი 2-თან საუბარში.

კითხვაზე, "ანუ ჩვენ დავიწყეთ ომი?", კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ასე პასუხობს - "აბა, არა? აბა, არა? თქვენ საერთოდ ჭკუაზე ხართ? თქვენ არ გინახავთ სააკაშვილის გამოსვლები, მაშინ? ეს ხომ ათი წლის წინ იყო და არა 29 ან 2000 წლის წინ. დიდგორის ბრძოლაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ქალბატონო?".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები