წამლის სააგენტო

"ხარისხისა და კონტროლის ამაღლება" - 1 იანვრიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება

ტაბულა

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სააგენტოს მთავარი ფუნქცია წამლის ხარისხისა და კონტროლის ამაღლება იქნება.

"ეს არის კარგი საწარმო პრაქტიკა, რომელიც ამოწმებს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას და ანიჭებს შესაბამის სერთიფიკატს. თანამშრომლები უკვე გადამზადდნენ. ეს იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანაა წამლის ხარისხის კონტროლი",- ამბობს სერგეენკო.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში 14 ნოემბერს გამოქვეყნდა და მას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

დადგენილების მიხედვით, წამლის სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. წამლის სააგენტო წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჩაითვლება.

წამლის სააგენტოს თანამშრომლებს ანაზღაურება 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დაენიშნებათ.

კომენტარები