საპროტესტო აქციები საფრანგეთში

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებისას ერთი დემონსტრანტი დაიღუპა

CNN

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებისას ერთი დემონსტრანტი დაიღუპა - მას მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც აქციის მონაწილეებს ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.

დაშავებულია ათობით ადამიანი. 

დემონსტრანტები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთში 16%-ით გაიზარდა - 1.24 ევროდან 1.48 ევრომდე. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით საპროტესტო გამოსვლ​აა დაგეგმილი. დემონსტრანტები საფრანგეთის მთავარი ავტომაგისტრალების გადაკეტვასაც აპირებენ. 

დემონსტრანტის გარდაცვალების შესახებ საუბრისას, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტეანერმა თქვა: 

"სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვღელავთ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლების გამოცდილება არ აქვთ". 

ეკოლოგიის მინისტრმა, ფრანსუა დე რუგიმ კი მოქალაქეებს მოუწოდა, "დაიცვან უსაფრთხოების ზომები და გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები, რათა სხვა ტრაგედია არ მოხდეს". მან გარდაცვლილის ოჯახსაც მიუსამძიმრა. 

ორგანიზატორები საპროტესტო გამოსვლებზე 1 მილიონამდე ადამიანის გამოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა, მონაწილეთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია. 

ონლაინ პეტიციას, რომელიც მთავრობას საწვავის ფასების გაიაფებას სთხოვს, ხელი 850 ათასმა ადამიანმა მოაწერა. 

დასავლური პრესის შეფასებით, მიმდინარე დემონსტრაციები ტესტია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის, რომელიც ქვეყანას მხოლოდ 18 თვეა, ხელმძღვანელობს. 

საწვავის ფასების ზრდა ნავთობის საბითუმო ფასის ზრდამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, 20%-ზე მეტიტ გაიზარდა 2018 წლის პირველ ნახევარში და ერთი ბარელის ფასმა 60$-დან 86.07$-მდე აიწია. 

საფრანგეთში გასულ იანვარს დიზელზე ბეგარა 8 ცენტით გაიზარდა, ბენზინზე - 4 ცენტით. გადასახადის გაზრდა 2019 წელს კვლავ იგეგმება - დიზელზე 6,4 ცენტით, ბენზინზე კი - 2,9 ცენტით.

საპროტესტო ტალღა პოლიტიკური თავდასხმებისთვისაც იქნა გამოყენებული - ემანუელ მაკრონი კრიტიკის ქარცეცხლშია. საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ოლივერ ფორმა თქვა: "მთავრობას არ ესმის ფრანგების ბრაზის". 

მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, რესპუბლიკელების ლიდერის, ლორენტ ვოქეზის თქმითაც, "მაკრონმა ფრანგებს ვერ გაუგო". 

ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერი, მარი ლე პენი კი ამბობს, რომ "მისი პარტია პირველი იყო, რომელმაც მოძრაობას მხარი დაუჭირა". 

მათ საპასუხოდ კი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები პოლიტიზებულია და მათ უკან პარტია რესპუბლიკელები დგას. 

"ეს პოლიტიკური პროტესტია, რომელთა უკანაც რესპუბლიკელები დგანან. და ის ირაციონალურია, იმიტომ რომ გადასახადების ზრდა ნავთობის ბაზრის შემცირებით კომპენსირდა. ჩვენ გვესმის დემონსტრანტების, ჩვენ გვესმის ბრაზი, ვიცნობ ვითარებას, მაგრამ უნდა ავუხსნათ მათ, რომ გადამწყვეტია, უარი ვთქვათ წიაღისეულ საწვავზე", - თქვა კრისტოფ კასტეანერმა

კომენტარები