ფიზიკა

კილოგრამს ახალი განმარტება აქვს

0 კომენტარი
Le grand K

მეცნიერებმა კილოგრამის განმარტების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. დღემდე, ის განისაზღვრება პლატინის და ირიდიუმის ნაჭრის, "Le Grand K"-ს წონით, რომელიც 130 წელია პარიზში, საცავში ინახება. პარასკევს, ვერსალში, წონების და ზომების ოცდამეექვსე გენერალურ კონფერენციაზე შეხვედრილმა მკვლევრებმა ამ განმარტების შეცვლა გადაწყვიტეს.

ლითონის ნაჭერი წონის გაზომვის საერთაშორისო სისტემის ეტალონი 1889 წლიდან იყო, მსოფლიოში მისი რამდენიმე ასლი არსებობს. თუმცა, კილოგრამის ეტალონი და მისი ასლები დაძველებასთან ერთად იცვლება და წონას კარგავს. "Le Grand K"-ს წონა მისი ასლების წონისგანაც განსხვავდება. ეს განსხვავებები ერთი წამწამის წონას არ აღემატება; თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ზუსტი გაზომვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არაერთ დარგში - ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ინჟინერია და ასე შემდეგ. ამრიგად, ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გაზომვების საერთაშორისო სისტემაზე, სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ უფრო ზუსტი განმარტება მიეღოთ. 

ელექტრომაგნიტები ძალას წარმოქმნიან. ეს ძალა კავშირშია ელექტრულ დენთან, რომელიც მის კოჭაში გაივლის. არსებობს პარამეტრი, რომელიც წონას ელექტრულ დენთან აკავშირებს, მას პლანკის მუდმივა ეწოდება და სიმბოლო h-ით აღინიშნება. h უკიდურესად პატარა რიცხვია, მაგრამ ფიზიკოსმა ბრაიან კიბლმა შექმნა ინსტრუმენტი, რომელიც მას სათანადო სიზუსტით ზომავს. 

"კიბლის სასწორი" ხელსაწყოა, რომლის ერთ მხარესაა ელექტრომაგნიტი და მეორე მხარეს წონის ერთეული, ვთქვათ, კილოგრამი. ელექტრომაგნიტში გამავალი დენი იზრდება, ვიდრე ორივე მხარე სრულყოფილ წონასწორობაში არ მოვა. ელექტრომაგნიტში გამავალი დენის წარმოუდგენელი სიზუსტის გაზომვით, მკვლევრებმა h-ის 0.000001%-ის სიზუსტით გამოანგარიშება შეუძლიათ.

ახალი სისტემა განსაზღვრავს მასის ერთეულს როგორც ელექტრულ ძალას, რომელიც კიბლის წონასწორობის მანქანაზე კილოგრამის ექვივალენტურია. თავად ელექტრული ძალა კი პლანკის მუდმივით განისაზღვრება. 

კილოგრამთან ერთად შეიცვალა ერთეულთა საერთაშორისო სისტემის სამი სხვა ერთეული. ელექტრული დენი (ამპერი), ტემპერატურა (კელვინი) და ნივთიერების რაოდენობა (მოლი). ისინიც განისაზღვრებიან ბუნებაში არსებული სხვა მუდმივებით - ელექტრულ მუხტით, ბოლცმანის მუდმივით და ავოგადროს მუდმივით.

უცვლელი დარჩა ერთეულთა საერთაშორისო სისტემის სამი ერთეული - დროის ერთეული (წამი), სიგრძის ერთეული (მეტრი) და სინათლის ძალის ერთეული (კანდელა). წონის და გაზომვების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი, მარტინ მილტონი ამბობს, რომ "განმარტების ცვლილება მეცნიერული პროგრესის გარდამტეხი მომენტია"

"ბუნების ფუნდამენტური მუდმივების გამოყენება ისეთი მნიშვნელოვანი კონცეფციებისთვის როგორებიც მასა და დროა ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სტაბილური ნიადაგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას განვავითაროთ მეცნიერული ცოდნა, შევქმნათ ახალი ტექნოლოგიები და გავუმკლავდებით კაცობრიობის უდიდეს გამოწვევებს."- ამბობს ის. 

ცვლილებები ძალაში 2019 წლის 20 მაისს, მეტროლოგიის მსოფლიო დღეს შევა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები