ვალების განულება

"ქართუ" ვალების განულებაზე: წელს 100 მლნ დავარეზერვეთ, მომავალ წელზე ვერაფერს გეტყვით

"ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

"დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი ქართუ აქტიურად ემუშავება საქართველოს ხელისუფლებას. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი, ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ", - აღნიშნავს ჩხეტიანი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, ბანკი ქართუ ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფარავს.

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დავალიანება გაუნულდება ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

კომენტარები