ჭარბვალიანობა

რა არის პრობლემური სესხების ჩამოწერის ფასი

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

დღეს მთავრობამ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქისთვის დავალიანებები განულება დააანონსა

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ფონდი ქართუს დახმარებით, მსესხებლებს არ მოუწევთ გადაიხადონ ის ვადაგადაცილებული დავალიანებები, რომლებიც მათ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ აქვთ და რომელთა ოდენობაც 2000 ლარს არ აღემატება. პრემიერის თქმით, მთლიანობაში ასეთი დავალიანების პორტფელი 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს. 

რეალურად რამდენს გადაუხდის საფინანსო ორგანიზაციებს მთავრობა/ფონდი ქართუ

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ფინანსურ ბაზარზე არსებობს წესები, რომელთა მიხედვითაც ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი მისი თავდაპირველი ღირებულების 100%-ად არასდროს იყიდება, ვინაიდან ის გამსესხებელს ისედაც ჩამოწერილი აქვს, მისი ამოღების იმედი კი - დაკარგული. 

​"ერთი ან მეტწლიანი ვადაგადაცილება საფინანსო ორგანიზაციებს, როგორც წესი, ისედაც ჩამოწერილი აქვთ. ორგანიზაციების შიდა რეგულაციებზეა დამოკიდებული, მაგრამ უმეტესად ასე ხდება.       

ანუ, 90 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხი მიდის რეზერვში, 1 წლის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში ჩამოწერილია და თავად საფინანსო ორგანიზაციის მიერ არის ზარალში ასახული. 

წარმოიდგინეთ, ბანკს ან მიკროსაფინანსოს აქვს ვალების პორტფელი, რომელთა ამოღებაზე უკვე იმედი აქვთ დაკარგული - ჩამოწერილია და ამოღებას არ ექვემდებარება. უცებ მოდის ვიღაც და გეუბნება, შენ რაც უკვე ისედაც ზარალში გაქვს ასახული, მოდი, მომყიდე, პირობითად, 70%-იანი ფასდაკლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიარდ ნახევრის 30%, ანუ 450 მილიონი, ეგრევე ამ საფინანსო ორგანიზაციების მოგებაში წავა. 

ამ ადამიანებს 1 მლრდ 500 000 ისედაც ჩამოეწერებათ, მაგრამ ქართუ ამ თანხის 100%-ს არ გადაიხდის.

არავინ ყიდულობს პორტფელს 1-წლიანი ვადაგადაცილებით, არის ამომღები ორგანიზაციები, ისინი ყიდულობენ 2-3 თვიანი ვადაგადაცილების პორტფელებს 30%- 40%-იანი ფასდაკლებით.

ამიტომ ბანკებს და მიკროსაფონანსოებს არც კი წარმოედგინათ, რომ ამ ფულს დაიბრუნებდნენ. როდესაც არაფერს ელოდები და გთავაზობენ, თუნდაც 20 ცენტს, რატომაც არა.

ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენპროცენტიანი ფასდაკლებით ყიდულობს ქართუ ამ პორტფელებს და რამდენი იქნება გადასახდელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს მილიარდნახევარი არ იქნება. ასეთი პორტფელები 100%-ად არასდროს იყიდება", - ამბობს რევიშვილი. 

რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს მთავრობის ამ ინიციატივას 

ეკონომისტი აკაკი ცომაია კი ტაბულასთან ​ამბობს, რომ ცუდი გადამხდელის დაჯილდოებით სახიფათო პრეცედენტი იქმნება, ვინაიდან ასე კარგ გადამხდელებსაც უჩნდებათ უფლება, დავალიანების ჩამოწერა მოითხოვონ, რაც, საბოლოო ჯამში სესხების ბაზარს დააზარალებს. 

"ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დიდი მოტივაციაა ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრედიტს იხდიან, ეს კრედიტი არ გადაიხადონ, იმიტომ რომ პრეცედენტი შეიქმნა, ძალზე სახიფათო პრეცედენტი, რომელიც ანგრევს სასესხო კაპიტალის ბაზარს, ხელს უშლის მას, რომელიც ასე თუ ისე, ავად თუ კარგად, მანკიერი მხარეებით თუ დადებითი მხარეებით, არსებობს. 

გრძელვადიან პირობებში კი უქმნის საფრთხეს ფინანსურ სტაბილურობას". 

ეკონომისტისთვის გაუგებარია, რატომ დუმს ეროვნული ბანკი, როდესაც მისი პირდაპირი ვალდებულება ფინანსური ზედამხედველობის განხორციელებაა.   

"მე მაინტერესებს, რატომ დუმს ეროვნული ბანკი ამ დროს, როდესაც მისი პირველი ვალდებულება არის ფინანსური ზედამხედველობა და ფინანსური სტაბილურობის გრძელვადიანად შენარჩუნება და უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკი დუმს, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი ფარსია და დამოუკიდებელი არ არის.

დაუშვებელია ასეთი ქმედება მთავრობის მხრიდან.

ბახტაძე რომ არ გამოსულიყო და ფინანსთა მინისტრი არჩევნების წინ და ეს იყოს კერძო ადამიანის ინიციატივა და ქველმოქმედება, ამას სხვა შინაარსი ექნებოდა და არც პრეცედენტი შეიქმნებოდა. პრეცედენტი იქმნება იმიტომ, რომ მთავრობა აკეთებს ამას არჩევნების წინ, მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, რაც ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა" - ამბობს ცომაია. 

უცნობია, რამდენს გადაიხდის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფონდი ქართუ ვადაგადაცილებულ პორტფელებში, თუმცა, "ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები