მიხეილ სააკაშვილი

"არა ფობიას" სააკაშვილს ანტისემიტიზმის გამო აკრიტიკებს

0 კომენტარი

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ განცხადებაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

საუბარია ექსპრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა "ქართული ოცნების" სავარაუდო პიარსპეციალისტი, მოშე კლუგჰაპტი "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ" მოიხსენია.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად არის მიჩნეული. "არა ფობიას" განმარტავს, რომ ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში. გარდა ამისა, ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს.

"ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

"არა ფობიას" ასევე მიუთითებს, რომ ეს არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. ორგანიზაციების ცნობით, 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატ შოთა შალელაშვილზე საუბრისას თქვა: "შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია".

პლატფორმა "არა ფობიას" აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო.

ორგანიზაციები რამდენიმე განცხადებაზე საუბრობენ, მათ შორის:

  • 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: "საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ".
  • ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე", - აღნიშნავს "არა ფობიას".

პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილს თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან. ამასთან, მათი აზრით, მნიშვნელოვანია მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ.

განცხადებას ხელს აწერენ "არა ფობიაში" შემავალი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საფარი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ანტისემიტური განცხადება 18 ნოემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. მანამდე ტელეკომპანიამ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ "შავი პიარის სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოიყვანა". მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს". 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები