არჩევნები 2018

კალაძე ოპოზიციაზე: არჩევნებია და ვიწროპარტიული ინტერესებდან გამოდიან

ქართული ოცნების პრესსამსახური

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა ცენტრალური მთავრობის ინიციატივაზე საუბრით გახსნა, რომლის მიხედვითაც, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოვალეებს ვადაგადაცილებული სესხები ჩამოეწერებათ. 

თბილისის მერმა ოპოზიცია და მათი განცხადებები გააკრიტიკა. 

"დღეს ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებებს. პირველ რიგში მათგან, ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ თითქოს ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზეც კი, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ და ანულებდნენ - ესეც ტყუილია, საიდან აფიქრდებათ ამდენი სიცრუე. თუმცა, ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ", - თქვა კალაძემ. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორი დღის წინ თქვა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

თუმცა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე ფინანსისტების თქმით, მილიარდნახევარ ლარზე საუბარი არარეალურია, ვინაიდან უიმედო სესხების ბაზარს თავისი წესები აქვს - ვადაგადაცილებული სესხების პორტფელების ფასი თავდაპირველზე სულ მცირე 30%-40%-ით ნაკლებია. 

კომენტარები