ყალბი პირადობები

POG: გამოძიების ინტერესების საზიანოდ, გიგაურმა და პავლიაშვილმა უარი თქვეს წყაროს დასახელებაზე

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მათ უარი თქვეს ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე, რაც გამოძიების ინტერესებისათვის დამაზიანებელია. 

"სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, მოწმეებს დაესვათ შეკითხვები მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შორის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულ იმ თანამშრომელზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების თაობაზე აცნობა. ამ ინფორმაციას, სრულყოფილი გამოძიებისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, გამოძიების ინტერესების საზიანოდ, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. ამასთან დაკავშირებით მას განემარტა, რომ საგამოძიებო ორგანო მზადაა ამ პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენოს - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ეკა გიგაურმა კვლავ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე. გამოკითხვისას ეკა გიგაური შემოიფარგლა მხოლოდ იმ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდებით, რაც უკვე გასაჯაროვდა მედიასაშუალებების მიერ. ანალოგიურად უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც ასევე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით. " - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურა ასევე განმარტავს, რომ გარდა გამონაკლისი შემხთვევებისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოწმეს საგამოძიებო ორგანოს სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რადგან გიგაურმა და პავლიაშვილმა უარი განაცხადეს მათი წყაროს დასახელებაზე, პროკურატურა იმსჯელებს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასახელებულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ თქვეს, რომ მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. ამ საქმეზე საგანგებო თათბირიც ჩატარდა. 

როგორც მათ თქვეს, წყაროს ცნობით, გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.

არასამთავრობოების ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება). 

ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არ არიან ვალდებულები, პროკურატურას წყაროს ვინაობა გაუმხილონ. 

კომენტარები