უგულავა: ფოტოგრაფების საქმეს მაშინვე ასდიოდა ცუდი სუნი, ბოკერიამ ყველაზე მეტი იჩხუბა ამაზე

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე გიგა ბოკერია გამჭვირვალე სასამართლოს ითხოვდა და ამბობდა, რომ ჟურნალისტების დაკავება არასწორი იყო. პალიტრანიუსის ეთერში გიგი უგულავამ დღეს გამართლებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის განცხადებაზე ისაუბრა. კერძოდ, აბდალაძემ თქვა, რომ "მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია ჩვენი საქმის გამყალბებლები არიან". შეგახსენებთ, რომ დღეს, სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და გიორგი გედენიძეები გაამართლა.

"ამ საქმეს მაშინვე, იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეცდომის შემდეგ, ცალკეულმა პირებმა ივაჟკაცეს იმისთვის, რომ მერე ეს საქმე ხელმძღვანელობისთვის ასე წარედგინათ და არა ისე. ეს ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ინსტინქტია. მაგრამ ერთი რამე კარგად ვიცი - ერთია, ვინც შეცდომა დაუშვა და მეორეა, რას აკეთებს დღეს ქართული ოცნების მთავრობა და მათ შორის ეს ადამიანები [ჯაშუშობის საქმეზე 2011 წელს დაკავებული ფოტოგრაფები]. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ გიგა ბოკერია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იჩხუბა ამ თემაზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით.

ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოს და ამ პროკურატურას არ ვენდობი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი საქმე მხოლოდ პროპაგანდისტულად არის გამოყენებული და როდესაც ბატონი გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე ლაპარაკობენ, ამ ორმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი. [ის ამბობდა] საბუთები რომც არსებობდეს და საკმარისი სამხილები იყოს, რადგანაც არიან ჟურნალისტები, გირაო უნდა შეუფარდოთ და გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს. ზუსტად ამის გამო ვამბობ, რომ ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი" - ამბობს უგულავა.

2011 წლის 7 ივლისს შსს-ის თანამშრომლებმა პრეს ფოტო სააგენტო ეპა-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე და მისი ცოლი, გაზეთ პრაიმ-ტაიმის ფოტორედაქტორი, ნათელა გედენიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ფოტოგრაფებს მაშინ ფსიქოლოგიური ზეწოლის და დაშინების გზით მიაცემინეს ჩვენებები, რომლითაც დაკავებულები ბრალს აღიარებდნენ. მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2011 წელს გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და ისინი ჯაშუშები არ ყოფილან. პროკურატურამ საქმე ხელახლა 2016 წელს გახსნა და სააპელაციო სასამართლოსაც სწორედ ამის შემდეგ მიმართა. 

2016 წელს უწყებამ დააკავა შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოიტანეს დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. გამოძიება მათ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტებას ედავებოდა. 

საგამოძიებო უწყებამ მაშინ აღნიშნა, რომ გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას და ძალის გადამეტებას, ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, :რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე" და "სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე". 

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით: 

"გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დადასტურდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. 2017 წლის 20 ივლისს, სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს დ.დ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საპყრობილის დირექტორს ა.მ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 

ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა". 

კომენტარები