ვალების განულება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვალების განულებაზე: რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა

www.neweurope.eu

რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მთავრობის ინიციატივაზე ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით ამერიკის ხმა-სთან ინტერვიუში საუბრობს, იუკნევიჩიენე ამ ნაბიჯს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს. 

"გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია." - თქვა იუკნევიჩიენემ ინტერვიუში. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, მთავრობის ეს ინიციატივა ადგილობრივმა და წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეაფასეს, როგორც ამომრჩევლის "მოქრთამვის" საშუალება. 

​19 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდებათ. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდ-ნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს.

ინტერვიუში იუკნევიჩიენე საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებასა და არასამთავრობო სექტორზე სიტყვიერ თავდასხმებზე.

"არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან.

მთავრობის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორს სასტიკად ესხმოდნენ თავს. მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია." - განაცხადა მან ინტერვიუში. 

კომენტარები