უკრაინა-რუსეთი

ლავროვი ქერჩის სრუტის ინციდენტზე: ეს ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ის, რაც გუშინ უკრაინაში მოხდა, "ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო". 

როგორც მან თქვა, უკრაინამ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია და საფრთხე შეუქმნა გემების გადაადგილებას. 

"ნორმები დაირღვა, ამასთან საკმაოდ საშიში მეთოდებით - რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სახიფათო მანევრირებით. რა თქმა უნდა, ამას შესაძლოა შეექმნა და შეუქმნა კიდეც საფრთხე და რისკი ამ ტერიტორიაზე მოძრავ გემებს", - თქვა მან.

უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწოდა კიევის მცდელობა, "გამოძვრეს შექმნილი ვითარებიდან, რომელიც მოსახლეობაში უფრო და უფრო ნეგატიურად აღიქმება". 

"თქვენ იცით, რომ დაწყებულია საომარი მდგომარეობის დაწყების პროცესი. უკვე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საბჭოს მდივანმა, ალექსანდერ ტურჩნოვმა თქვა, რომ დიახ, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები დროულად არ ჩატარდება". 

2019 წლის 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ლავროვი სწორედ ამას გულისხმობს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთის ქვეყნებსაც მოუწოდა, ხელი შეუშალონ კიევს კონფლიქტის გამწვავებაში. 

"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ კიევის დასავლელ სპონსორებს, დაaამშვიდოს ისინი, ვინც ახლა ცდილობს, საომარი ისტერიით ქულები დაიწეროს დაგეგმილ არჩევნებთან თუ სხვა მოვლენებთან დაკავშირებით", - თქვა ლავროვმა. 

მისივე თქმით, რუსეთს დასავლეთის სანქციები არ აღელვებს. 

"რაც შეეხება სანქციებს, არ ვიცი. ჩვენთვის ეს დიდი ხანია, ღელვის საგანი აღარ არის. რა თქმა უნდა, სანქციები ყოველთვის ცუდია, მაგრამ როცა ისეთი ინციდენტების გამო, როგორიც გუშინ იყო, ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტიც დაირღვა, შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც ახალი სანქციების ობიექტი, ასეთი პოლიტიკის კომენტირება ჩვენთვის რთულია. ძალიან რთულია, დაუშვა, რომ შესაძლებელია ისეთი ადამიანების აზრებზე გავლების მოხდენა, რომლებსაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ - ეძებონ მეტი და მეტი საბაბი რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისთვის", - თქვა ლავროვმა. 

ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. 

უკრაინის პარლამენტი დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

კომენტარები