ნარკოდანაშაული

შსს: ბოლო ორ კვირაში, პოლიციამ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის  განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და 
მარნეულის რაიონებში 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ და ფარულად ჩაიწერა.

"გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 4 პირი: 1980 წელს დაბადებული ა.ზ. 1966 წელს დაბადებული თ.გ. 1964 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული თ.ნ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების  ჩხრეკისას ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია, სავარაუდოდ, მცირეკალიბრიანი  ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების 
ბრალდებით, გარდაბნის რაიონში დაკავებულია 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.მ. და 1981 წელს დაბადებული ო.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ უკანონოდ გასაღებული 380 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ უკანონოდ" - აცხადებს შსს.

გარდა ამისა, ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე, თბილისში ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.ჰ დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოიღეს 250 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“.

"შვიდივე დაკავებული ნარკორეალიზატორის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ" - აცხადებს შსს.

კომენტარები