არჩევნები 2018

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მოხსნეს, ბათუმის მერის მოადგილე იქნება.

ინფორმაციას ტაბულასთან ადასტურებს თავად მომღერალი.

სოფო ხალვაში ამბობს, რომ შემოთავაზება ბათუმის მერისგან დიდი ხანია აქვს, მაგრამ დღეს დათანხმდა.

მერიაში 12:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, სადაც მომღერალს მოადგილედ ოფიციალურად წარადგენენ.

25 ოქტომბერს სოფო ხალვაშმა თბილისის სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სოფო ხალვაში გადაცემა "დილის ტალღას" ამ ეტაპზე აღარ წაიყვანს. წამყვანის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტზე დისციპლინური საქმის წარმოებაა დაწყებული. 

"მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს"- წერია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მაუწყებლის დირექტორს კი, ამ ეტაპზე, მისი განცხადება დაკმაყოფილებული არ აქვს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აცხადებენ, წარმოება ამ საკითხზე ჯერ არ დასრულებულა. 

კომენტარები