არჩევნები 2018

ISFED: ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 10, ხოლო საოლქო კომისიებში 5 საჩივარი

ტაბულა LIVE

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცნობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ორგანიზაცია საქართველოს საარჩევნო ოლქში აკვირდება.

მათი ინფორმაციით, "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია
შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78
მობილური ჯგუფისგან.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

ამ დროისათვის არსებული სამართლიანი არჩევნების ინფორმაცია უბნის გახსნისა
და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ;

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და
შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი
დარღვევების გარეშე წარიმართა.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ, საყურადღებოა ხმის
მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. "სამართლიანი არჩევნების"
დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს წილისყრის წესის და სხვა პროცედურების
დარღვევები.

ამ დროისთვის, "სამართლიან არჩევნებს" საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 10
საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 5 საჩივარი.

"სამართლიანმა არჩევნებმა" უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის
დამკვირვებლის 100%-სგან მიიღო.
ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) უბანზე შეუზღუდავად დაკვირვების
განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის მონაცემების
მსგავსია (99.8%).
პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო
მზად, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი
ტურის მონაცემისგან (98.5%).
უბნის გახსნასა და მოწყობის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა
საარჩევნო უბნების 0.9%-ზე, რაც მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს არჩევნების
პირველ ტურთან შედარებით (2.2%).

ამ დროისთვის "სამართლიანი არჩევენების" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა
შემდეგი სახის დარღვევები:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმასაძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს თუ ვის მისცეს ხმა.
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო კაბინის გარეთ.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. მოცემულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს არ მოუხდენია რეაგირება.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე და #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კომისიის განცხადებით მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.


უბნის დაგვიანებით გახსნა

  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი. საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში.

წილისყრის წესის დარღვევა

  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 საარჩევნო უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე.
  •  69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე.
  •  79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებია მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.
  •  67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე.
  •  #30 კასპის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე.უბანზე ყოფნის წესის დარღვევა
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა.

შეგახსენეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

კომენტარები