არჩევნები 2018

ცესკო სპეცტექნიკის მობილიზებაზე: უბნის გარეთ ვითარება ჩვენს კომპეტენციას სცილდება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, საარჩევნო უბნის გარეთ ვითარება უწყებას კომპეტენციას სცილდება.

ეს განცხადება ანა მიქელაძემ რუსთავსა და მარნეულში სპეცტექნიკის მობილიზების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.

"საარჩევნო უბნის გარეთ მიმდინარე ვითარება არ შედის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში. საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროფესიულად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე და ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვიღებთ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე ვითარებაზე. საარჩევნო უბანს გარეთ სცილდება ჩვენს კომპეტენციას და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში სპეც-ტექნიკაა მობილიზებული.

TV პირველის ინფორმაციით, მარნეულში, ნომერ პირველ საარჩევნო უბანთან მდებარე პოლიციის შენობასთან სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო პოლიციის მანქანებში სპეციალური აღჭურვილობაა განთავსებული, მათ შორის სპეცრაზმის ჩაფხუტები.

გარდა ამისა, რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსთავის ერთ-ერთ გარეუბანში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან ავტობუსები იყო მობილიზებული, რომელშიც ფარები, ჩაფხუტები, საძილე ტომრები და კარვებია მოთავსებული.

კომენტარები