არჩევნები 2018

ეუთო: 600 000 მოქალაქისთვის ვალის დაფარვა შესაძლოა ხმების ყიდვის ფაქტს გაუთანაბრდეს

ქართული ოცნება

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის სესხის განულების დაპირება შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი "საფუძველს მოკლებული უპირატესობით" სარგებლობდა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საუბრობს და სოციალური პროგრამის დაწყების შესახებ მთავრობის განცხადებებს იხსენებს.

"პირველსა და მეორე ტურს შორის არსებულ პერიოდში საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას რამდენიმე სოციალური პროექტისა და სოციალური შემწეობების პროგრამის დაწყების შესახებ აცნობა, რომლებიც უმეტესწილად მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საგანი გახდა, რადგან შესაძლოა საქმე გვქონდეს სავარაუდო კანონდარღვევასთან.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პროექტებიდან რამდენიმე მთავრობის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიის ნაწილია, იმ ფაქტმა, რომ მათ შესახებ განცხადება სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთდა, უსამართლოდ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.

მთავრობამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც ის მოსახლეობას ვალების ჩამოწერას დაპირდა. საქართველოს 600 000 მოქალაქე 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს ქართული ოცნების თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით.

ყველა ზემოთ აღნიშნულმა ქმედებამ კიდეც უფრო წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან" - ნათქვამია ანგარიშში.

რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, საქართველოს მთავრობამ სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით, რამდენიმე პოპულისტური დაპირება გასცა. ჩამონათვალი, რა გააკეთა პირველი ტურის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და რის გაკეთებას დაპირდა მოსახლეობას, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები