საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი: სანამ რუსეთი ასე იქცევა, არ ვფიქრობ, რომ მასთან თანამშრომლობა შეგვიძლია

0 კომენტარი

„სანამ რუსეთი ასე იქცევა საოკუპაციო ხაზზე და უკრაინასთან მიმართებაში, არ ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის ფაზაში გადასვლა შეგვიძლია“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „როგორ აპირებს, შეინარჩუნოს ბალანსი ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობაში“, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პასუხობს, რომ „ეს არ არის ბალანსი“ და ცრუ ინფორმაციაა, თითქოს მას ბალანსირება სურს, სინამდვილეში კი რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ არასდროს უსაუბრია.

„არ ვფიქრობ, რომ სანამ რუსეთი იქცევა ისე, როგორც იქცევა საოკუპაციო ხაზზე, სადაც ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს და სანამ ეს ხაზი, ეს მუდმივი საფრთხე, ინაცვლებს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უფრო და უფრო ახლოს თბილისთან, ასევე იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევა ახლა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ ვფიქრობ, რომ დღეს თანამშრომლობის ფაზაში გადასვლა შეგვიძლია.

ჩვენ ევროპა ვართ, პროევროპულები ვართ. და თუ დასავლეთი, ევროპა ან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გადავლენ რუსეთთან რაიმე ფორმის დისკუსიაზე, ჩვენც ახლოს უნდა ვიყოთ, ინფორმირებულნი ვიყოთ, პატივისცემას და მხარდაჭერა ვიღებდეთ. თვალს ვადევნებდეთ, რომ ჩვენი პრინციპები, სუვერენიტეტი და ტერიტორული მთლიანობა დაცული იყოს“.

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ისიც ჰკითხა, თუ ვინ არის მისთვის ვლადიმირ პუტინი.

როდესაც მე მის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, ეს, შესაძლოა სხვა ვლადიმირ პუტინი იყო, ვიდრე ახლაა, რადგან მაშინ რუსეთი დათანხმდა საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანას“, - ამბობს ინტერვიუში ზურაბიშვილი - „არ ვფიქრობ, რომ ახლა ეს მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგივე დიპლომატიური უნარები მაქვს. ვფიქრობ, ახლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი დამოუკიდებლად თვლის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ბლოკირებას უკეთებს რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობას“, - აბობს კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილი.

გამარჯვებული კანდიდატის თქმით, „დღევანდელ კონფიგურაციაში, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მარტო დარჩენა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ახლოს ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ზურგს უკან გვყვდეს ისინი“.

ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა აშენოს მისი პოზიცია და შეუთანხმოს ის პარტნიორებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო განზე არ უნდა დარჩეს და მისი პრინციპების დაცვას თვალი მიადევნოს.

"ეს საქართველოს მკაფიო პოზიციაა: ჩვენი გაბრიყვება არ შეიძლება და მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც თავს ისულელებს", - ამბობს ზურაბიშვილი.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები