მაიკლ კოენი

ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა აღიარა, რომ მოსკოვში ტრამპის პროექტის შესახებ კონგრესი მოატყუა

მაიკლ კოენი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთში დონალდ ტრამპის საკუთრების გარიგების შესახებ კონგრესში მოიტყუა. კოენის თქმით სენატში წერილობითი განცხადება წარადგინა, სადაც მოსკოვში ცათამბჯენის აშენებაზე ტრამპის ორგანიზაციის გეგმების შესახებ მოიტყუა. მან სენატის კომიტეტს უთხრა, რომ პროექტზე მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა, თუმცა სინამდვილეში ის კამპანიის დროს, 2016 წლის ივნისამდე გრძელდებოდა. კოენმა პროექტში საკუთარი ჩართულობის შესახებაც მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეზღუდული კონტაქტი ჰქონდა მასთან.

მან თქვა, რომ ასე ტრამპისადმი ერთგულების გამო მოიქცა. თავად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კოენი იმის იმედით იტყუება, რომ სასჯელს შეუმსუბუქებენ.

შგახსენებთ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლს და მათ კავშირს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მალერი იძიებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში კოენმა ისიც აღიარა, რომ წინასაარჩვნო კამპანიის დროს ფინანსების თაობაზე კანონები დაარღვია და ტრამპის საყვარლებს გასაჩუმებლად ფული გადაუხადა. მან მანჰეტენის სასამართლოს წინაშე რვა ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ფედერალურ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

კომენტარები