კატარი

კატარი OPEC-ს 2019 წლის პირველ იანვარს დატოვებს

Reuters

კატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC)-ს 2019 წლის პირველი იანვრიდან დატოვებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ენეგრეტიკის მინისტრმა გააკეთა.

"ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება ასახავს კატარის სურვილს, ყურადღება მიმართოს გავითარების და ბუნებრივი აირის წარმოების წელიწადში 77 მილიონი ტონიდან 110 მილიონ ტონამდე გაზრდაზე." თქვა ალ-ქააბიმ.

გადაწყვეტილებას საკუთარ Twitter-ზე ადასტურებს კატარ პეტროლიუმიც, კატარის ნავთობის სახელმწიფო კომპანია:

"კატარი აცხადებს, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას 2019 წლის პირველ იანვარს დატოვებს."

კატარი სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ორგანიზაცია დატოვა. OPEC-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა 6 დეკემბერს იგეგმება. გასულ კვირას OPEC-მა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნავთობის წარმოება უნდა შეიზღუდოს, რათა ფასები არ დაეცეს.

კატარი ორგანიზაციას დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, 1961 წელს შეუერთდა. ის მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელია და საერთო რაოდენობის თითქმის 30%-ს აწარმოებს.

Al Jazeera-ს მიხედვით, ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ბიზნეს და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს და მას კავშირი არ აქვს კატარის ბლოკადასთან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 ივნისს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ტერორიზმის და ირანის მხარდაჭერის ბრალდებით კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და ქვეყანას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სივრცე დაუკეტეს.

კომენტარები