აშშ

ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს პატიმრობა არ ემუქრება

მაიკლ ფლინი
Reuters

სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მალერი, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის კამპანიასთან კავშირს იძიებს, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინისათვის პატიმრობის შეფარდებას არ მოითხოვს.

ფლინმა აღიარა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მოატყუა, თუმცა მალერის მიხედვით მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის კავშირის შესახებ.

ფლინის სასამართლო 18 დეკემბერს გაიმართება. ის პირველია, ვინც ამ გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიღება აღიარა.

ფლინმა აღიარა, რომ მანამდე, სანამ დონალდ ტრამპი პოსტს დაიკავებდა, ვაშინგტონში რუსეთის ელჩთან რუსეთისათვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა განიხილა და ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტთან იცრუა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ფლინი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტს 2017 წლის 20 იანვრიდან 13 თებერვლამდე იკავებდა და თანამდებობა სწორედ რუსეთის ელჩთან შეხვედრის და ამის შესახებ ტყუილის გამო დატოვა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთში დონალდ ტრამპის საკუთრების გარიგების შესახებ კონგრესში მოიტყუა. კოენის თქმით სენატში წერილობითი განცხადება წარადგინა, სადაც მოსკოვში ცათამბჯენის აშენებაზე ტრამპის ორგანიზაციის გეგმების შესახებ მოიტყუა. მან სენატის კომიტეტს უთხრა, რომ პროექტზე მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა, თუმცა სინამდვილეში ის კამპანიის დროს, 2016 წლის ივნისამდე გრძელდებოდა.

კომენტარები