პრეზიდენტის სიძის დაკავება

მეზვრიშვილი: გოგოჭურმა და მისმა თანხმლებმა პირმა დაკავებისას იარაღები ბინიდან გადმოყარეს

მინდია გოგოჭურმა და მისმა თანხლებმა პირმა დაკავებისას იარაღი ბინიდან გადმოყარეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულთან ერთად დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

"ერთ-ერთ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა, როგორც ჩემთვის ცნობილია. დაწყებულია გამოძიება. ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ამ პირებმა ამ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება." - ამბობს მეზვრიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გოგოჭურთან ერთად კიდევ ერთი პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. გვიან ღამით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები