ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიება მოითხოვა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ საკითხს დაუბრუნდება არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივნისისა.

ტაბულა ამ თემაზე პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს ესაუბრა:

"მინისტრთა კომიტეტმა დაავალა გამოიძიოს ციხიდან გაყვანა და მთავარი ამ გამოძიებაში არის ორი საკითხი. ერთი რომ უნდა დადგინდეს ხომ არ იყო კავშირი მერაბიშვილზე განხორციელებულ ზეწოლასა და მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან. მეორე - ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება სისხლის სამართლებრივი დევნით, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემით.

პირველი საკითხი, რომელიც ეხება სხვა საქმეებთან კავშირის დადგენას არის პრაქტიკულად მერაბიშვილის მარეაბილიტირებელი საფუძველი სამომავლოდ, ვინაიდან ფარცხალაძის მუქარა, რომ თუ მერაბიშვილი არ ითანამშრომლებდა ყოფილი პრეზიდნეტის წინააღმდეგ, მას მიუსჯიდნენ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, იქნა სისრულეში მოყვანილი. ამიტომ მისი გაყვანა და მასზე ზეწოლა არის პირდაპირ კავშირში იმ განაჩენებთან. ამის გამოძიება დაავალა მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას.

ამ დასკვნას რეალურად ვერ მოყვება შედეგი, ვინაიდან მთავრობას პოლიტიკური ნება არ აქვს ამ გამოძიების ჩასატარებლად. ამის რეალური შედეგი იქნება ის, რომ ექვსი თვის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებდა. მთავრობის ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს მერაბიშვილი იზოლაციაში. ამ შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტმა, ჩემი აზრით, არასაჭიროდ, მაგრამ მაინც მისცა კიდევ ერთი შანსი 6 თვის ვადით რომ მთავრობამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ მას სხვა მოტივები არ აქვს მერაბიშვილის საქმესთან. თუმცა, მინისტრთა კომიტეტი დარწმუნდება, ამ ექვსი თვის გასვლის შემდეგ, რომ რეალურად ეს მოტივები სახეზეა და უნდა მოითხოვოს მისი გათავისუფლება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები