ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი ოპოზიციას: თუ კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომაა ციხეში

0 კომენტარი
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

"ოთარ კახიძის არგუმენტები, რომლითაც ის ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობისათვის დაევალებინათ მერაბიშვილის გათავისუფლება, უარყოფილი იქნა"- იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ კომიტეტმა საქართველოს მთავრობის არგუმენტები გაიზიარა.

"ოპონენტებს მსურს ასეთი კითხვა დავუსვა, თუ კი გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას დაგვავალა, ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულიყო, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში. " - იკითხა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წულუკიანი ამბობს, რომ კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით არ იქნა გაზიარებული ოპონენტების პოზიცია იმის შესახებ, რომ მერაბიშვილის საქმე იგივეა, რაც ზოგიერთი მეთვრამეტე მუხლის საქმე.

"თქვენ გახსოვთ ბატონი ბოკერია ბევრს ყვიროდა პარლამენტში, რომ ეს საქმე არის ტიმოშენკოსა და მამადოვის მსგავსი, ეს ყველაფერი უარყოფილ იქნა და ცალსახად ითქვა, რომ მერაბიშვილის საქმე არ არის სხვების მსგავსი, რადგან მერაბიშვილი არა ერთი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, მათ შორის ერთ-ერთი არის გირგვლიანი-ენუქიძის საქმე. ცალსახად აღინიშნა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება და ამგვარი დავალების მიცემა საქართველოსთვის მთავრობისთვის აუცილებელი და მიზანშეწონილი არ არის. ასევე ცალსახად ითქვა, რომ მისი წინასწარი დაკავება და პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ითქვა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, გამოძიება განახლდა." - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებს, თავი დაანებონ და ნუ უთვლიან მსჯავრდებულს მედიის საშუალებით არასწორ ინფორმაციებს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ "მინისტრთა კომიტეტმა დაავალა გამოიძიოს ციხიდან გაყვანა და მთავარი ამ გამოძიებაში არის ორი საკითხი. ერთი რომ უნდა დადგინდეს ხომ არ იყო კავშირი მერაბიშვილზე განხორციელებულ ზეწოლასა და მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან. მეორე - ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება სისხლის სამართლებრივი დევნით, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემით."

კომიტეტმა აღნიშნა, რომ საკითხს დაუბრუნდება არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივნისისა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები