პური

ბახტაძის დავალება პურის ფასის ზრდაზე: უმოკლეს ვადებში შეისწავლეთ, რასთან გვაქვს საქმე

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციას უკავშირდებოდეს. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ - რა ხდება ამ მიმართულებით.

"მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ პურის ფასი მკვეთრად გაიზრდება. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა.

"გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა", - უთხრა დოლიძემ ბიზნესპრესნიუსს.

კომენტარები