წულუკიანი: ევროსასამართლოს მიერ საჩივრების დაუშვებლობა დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროსასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. წულუკიანის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ჩვენ მომავალშიც დაგვეხმარება სიმართლის დამტკიცებაში. 

"სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და ის თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც  ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ჩვენ მომავალშიც დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით, და რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა და ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი, როდესაც ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ამიტომაც ეს, რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი." - თქვა თეა წულუკიანმა. 

საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა. 

კომენტარები