სამცხე-კავახეთი

ფოკაში კაცი მოკლეს, მოკლულის ოჯახმა ბრალდებულის სახლები და მანქანები დაწვა

სამხრეთის კარიბჭე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის რაიონში, სოფლებში ფოკასა და ასფარაში მომხდარი დანაშაულები პირადი მტრობის ნაწილია და ეთნიკური საფუძველი არ აქვს. 

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ფოკაში 3 დეკემბერს 33 წლის კაცი 4 გასროლით თავისივე თანაკლასელმა მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის კაცი შსს-მ მკვლელობის დღესვე დააკავა და გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

უწყების ცნობით, ბრალდებულიც და მოკლულიც ეთნიკურად სომეხია. 

რამდენიმე დღეში მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს ოთხი სახლი და ოთხი მანქანა დაუწვეს. გადამწვარი სახლებიდან ორი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ეკუთვნოდა, თუმცა ბრალდებულის ოჯახი სარგებლობდა.

„არ მივცემთ უფლებას ჩემი შვილის მკვლელის ოჯახის წევრებს, რომ ამ სოფელში დაბრუნდნენ, ისინი არიან მდიდრები და ამპარტავნები. სადაც უნდა იქ იცხოვრონ, ოღონდ არა ამ სოფელში“, – ამბობს სამხრეთის კარიბჭესთან გარდაცვლილის მამა. 

როგორც გამოცემასთან ახალქალაქისა და კუმუდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა თქვა,, "ასფარაში ბრალდებულის ოჯახს მეურნეობა ჰქონდა. ამიტომ ხშირად ეპარქიის საკუთრებაში არსებულ ბინებში იყვნენ. მივიდნენ და ის სახლებიც დაწვეს. ერთი შიგ სოფელში ასფარაშია, მეორე ბინა კი ფარავნის ტბის მეორე მხარეს. ამ მხარეში 1992 წლიდან ვარ და სულ ასეთი ფაქტები ხდება. თუ ვინმე ვინმეს კლავს, მერე გარდაცვლილის ახლობლები მიდიან და ბრალდებულის სახლებს წვავენ. აქ ე.წ. ხალხის სამართალია". 

ხანძრის ფაქტებზე გამოძიება შსს-მ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით). 

კომენტარები