დავით კირკიტაძის საქმე

პროკურატურა კირკიტაძისთვის პატიმრობას ითხოვს, დეპუტატები ბრალდებულს თავდებში უდგებიან

ტაბულა

პროკურატურა ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი, რომელზეც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, ხვალ, 10:30 საათზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. დაკავებულის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც დავით კირკიტაძისგან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მეტიც, დღეის მდგომარეობით პარლამენტის 30-მდე დეპუტატი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და აცხადებს თანხმობას, რომ თავდებად ჩაუდგნენ ბატონ დავითს და უზრუნველყონ მისი სათანადო ქცევა" - ამბობს ადვოკატი.

ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვას გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა, თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა. გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები