ევოლუციური კოგნიცია

შიმპანზეები რისკის წინაშე ადამიანების მსგავსად იქცევიან

0 კომენტარი
ფოტო: Department of Psychology - Emory University

ადამიანებში, ისევე როგორც ბევრ სხვა სახეობაში, გადაწყვეტილებები გულისხმობს რისკს, რომელიც განიმარტება, როგორც გაურკვევლობა - ინვესტიცია დანახარჯს მოიტანს თუ სარგებელს. ცხოველები ხშირად იღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს, ვთქვათ, რამდენად შორს უნდა გადაადგილდეს ის საკვების ან წყლის მოსაპოვებლად. ეს ეკონომიკური რისკის ფორმაა, ვინაიდან ცხოველმა უნდა შეამციროს საკვების ძიების დანახარჯი და ოპტიმალურად განკარგოს რესურსები.  

დანახარჯი და სარგებელი თან ახლავს სოციალურ ურთიერთობებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგს ხშირად სხვა ინდივიდი განსაზღვრავს. დანახარჯი გამოიხატება ენერგიის და შესაძლებლობის დაკარგვაში პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად და შეუძლია ურთიერთობის ღირებულების დაქვეითება. სარგებელი შეიძლება იყოს გაზრდილი წვდომა რესურსებისადმი და მიღებული ემოციური ჯილდო.

ამგვარად, სოციალური გადაწყვეტილებები ისევე გულისხმობს რისკს, როგორც ეკონომიკური. თუმცა, ადამიანები სოციალურ და არასოციალურ რისკს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. სოციალურ რისკებს უფრო დიდი ემოციური გავლენა აქვთ ვიდრე წმინდად ეკონომიკურ რისკებს. დადებითი სოციალური ურთიერთქმედებებისგან მიღებული ჯილდო ააქტიურებს სიამოვნებაზე პასუხისმგებელ ტვინის უფრო მეტ რეგიონს, ვიდრე უბრალო ეკონომიკური ჯილდო. სხვადასხვა კულტურებში ჩატარებული ქცევითი ექსპერიმენტები კი აჩვენებს, რომ ადამიანებს ურჩევნიათ შემთხვევით დაკარგონ ფული, ვიდრე სხვა ადამიანების ქმედებების შედეგად.

სოციალური რისკისადმი დამოკიდებულების განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდი ეკონომიკური ნდობის თამაშია, რომელშიც ერთ-ერთ მონაწილეს აძლევენ ფულს. მას შეუძლია მიიღოს უსაფრთხო გადაწყვეტილება, შეინახოს ის, ან მიიღოს სარისკო გადაწყვეტილება და პარტნიორს გადასცეს. თუ ფული პარტნიორთან აღმოჩნდება, თანხა გასამმაგდება და შემდეგ პარტნიორი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ გაუნაწილოს ფული პირველ მონაწილეს. ამგვარად, ინდივიდი თმობს გარანტირებულ მცირე ჯილდოს უფრო დიდი პოტენციური ჯილდოს სანაცვლოდ, რომელიც შეიძლება ვერ მიიღოს.

ემორის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა მსგავსი ეკონომიკური ნდობის თამაში იერკსის პრიმატების კვლევის ცენტრის შიმპანზეებზე ჩაატარა. შიმპანზეების განშტოება ჩვენი სახეობისგან მხოლოდ 6 მილიონი წლის წინ მოხდა, ისინი ჩვენი გენეტიკური კოდის 96%-ს იზიარებენ, ამიტომ ისინი შესადარებლად საუკეთესო მოდელებს წარმოადგენენ.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Psychological Science-ში 4 დეკემბერს გამოქვეყნდა, აღწერილია ორი ექსპერიმენტი. თითოეული ორი სიტუაციისგან შედგებოდა. ერთი სოციალურ რისკს გულისხმობდა, მეორე კი არასოციალურს. სოციალურ სიტუაციაში შიმპანზეები იყენებდნენ პლასტმასის მონეტას, რათა აერჩიათ ორი შესაძლო ვარიანტი - მოეთავსებინათ მონეტა "უსაფრთხო ყუთში", რომელიც ბანანის 6 მილიმეტრიან ანათალით აჯილდოებდა მხოლოდ მას, ან მიეწოდებინა მონეტა მომიჯნავე გალიაში მყოფი პარტნიორისთვის. თუ მონეტა პარტნიორთან აღმოჩნდებოდა, მას ორი შესაძლო არჩევანი ჰქონდა: მოეთავსებინა ის “პროსოციალურ ყუთში” ან “ეგოისტურ ყუთში.” პროსოციალური ყუთი ორივე შიმპანზეს აძლევდა 6 მილიმეტრის ბანანის ორ ანათალს, მაშინ როცა ეგოისტური ყუთი ბანანის ორი ანათალით მხოლოდ პარტნიორს აჯილდოებდა. ამგვარად, როგორც ეკონომიკური ნდობის თამაშში, მონეტის პარტნიორისთვის გადაცემით, შიმპანზე თმობდა გარანტირებულ მცირე ჯილდოს პოტენციური გაორმაგებული ჯილდოს სანაცვლოდ.

არასოციალურ სიტუაციაში შიმპანზეს ისევ ჰქონდა წვდომა უსაფრთხო ვარიანტთან, მოეპოვებინა ბანანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მეორე ვარიანტი იყო, რომ მოეთავსებინა მონეტა აპარატში, რომლის ქვემოთაც მოთავსებული იყო პროსოციალური და ეგოისტური ყუთები. აპარატი ისე იყო აგებული, რომ მკვლევარს შეეძლო გაეკონტროლებინა, თუ რომელ ყუთში ჩავარდებოდა მონეტა ისე, რომ შიმპანზე ამას ვერ დაინახავდა. ამ შემთხვევაშიც, შიმპანზემ წინასწარ არ იცოდა, მიიღებდა ჯილდოს თუ არა, თუმცა სოციალური სიტუაციისგან განსხვავებით რისკი არ იყო დამოკიდებული პარტნიორი შიმპანზეს არჩევანზე, არამედ შემთხვევითი იყო. თუ თუ მონეტა პროსოციალურ ყუთში ჩავარდებოდა, სუბიექტიც და პარტნიორიც მიიღებდა ორ 6 მილიმეტრის ბანანის ანათალს. თუ ის ეგოისტურ ყუთში ჩავარდებოდა, ბანანის ორ ანათალს მხოლოდ პარტნიორი მიიღებდა.

პირველ სიტუაციაში, სადაც ჯილდო დამოკიდებული იყო პარტნიორის არჩევანზე, შიმპანზეებმა მონეტის გადაცემა არჩიეს შემთხვევათა 39%-ში და დაჯილდოვდნენ ბანანით შემთხვევათა 64%-ში. მეორე სიტუაციაში, შიმპანზეებმა მონეტა აპარატში მოათავსეს შემთხვევათა 66%-ში და დაჯილდოვდნენ შემთხვევათა 53%-ში.

"ამ ექსპერიმენტში ჩვენ ვითამაშეთ სახეცვლილი ნდობის თამაში შიმპანზეებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს როგორც იმ სიტუაციაში, რომელიც შეიცავდა სოციალურ რისკს, ასევე იმ სიტუაციაში, რომელიც გულისხმობდა  არასოციალურ რისკს. ორივეს მსგავსი რაოდენობით ჯილდო მოჰყვებოდა. როდესაც ჩვენ ეს სიტუაციები შევადარეთ, აღმოვაჩინეთ, რომ შიმპანზეებმა თავი აარიდეს სოციალურ რისკს უფრო ხშირად, ვიდრე არასოციალურ რისკს. თუ პარალელს ადამიანებთან გავავლებთ, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს აღმოჩენა, როგორც პიროვნებას ურჩევნია უბრალოდ დაკარგოს ფული, ვიდრე იმ ადამიანის ასესხოს, რომელიც მას უკან არ დაუბრუნებს. დანახარჯი თანაბარია, მაგრამ თუ დანახარჯი სოციალურ ურთიერთქმედებას გულისხმობს, თანმხლები ემოციური ასპექტი უფრო რთული გადასატანია. სოციალური ურთიერთქმედება უფრო რისკიანია ვიდრე არასოციალური, რომელსაც იგივე პოტენციური ღირებულება აქვს. - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, ემორის უნივერსიტეტის მკვლევარი სარა კალკუტი.

პირველი ექსპერიმენტი რვა მდედრ შიმპანზეზე ჩატარდა, რომლებსაც ერთმანეთთან ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდათ. მეორე ექსპერიმენტში მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, აქვს თუ არა კავშირი შიმპანზეების ერთმანეთისადმი წარსულში არსებულ კარგ ან ცუდ დამოკიდებულებას, ექსპერიმენტის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან. მეორე ექსპერიმენტი ჩატარდა როგორც პირველი ეკონომიკური ნდობის თამაშში მონაწილე შიმპანზეებზე და ასევე შიმპანზეების 18 ახალ წყვილზე. მათ ნაწილს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, ნაწილს კი მტრული ან ნეიტრალური.

მეორე ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შიმპანზეები არ დებდნენ მეტ ინვესტიციას იმ პარტნიორებში, რომლებთანაც წარსულში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, არამედ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ აწმყო ურთიერთქმედებისგან მიღებულ შესაძლო სარგებელს და დანახარჯს. ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა, რომ  შიმპანზეები უფრო მეტ ინვესტიციას დებდნენ იმ პარტნიორებში, რომლებმაც წინა შემთხვევებში პროსოციალური გადაწყვეტილებები მიიღეს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ემორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორის, ფრანს დე ვაალის შეფასებით, შიმპანზეებში პარტნიორის მიერ განპირობებული დანაკარგი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ღალატი და გამოიწვიოს უფრო ღრმა იმედგაცრუება, ვიდრე შემთხვევითი მოვლენებით განპირობებული დანაკარგი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები