უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

კილაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა

პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას დიდი წინსვლა აქვს და ეს საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებით არის დადასტურებული. 

"გამჭვირვალობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და უნდა ავირჩიოთ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე. ბუნებრივია, პარლამენტს საყვედური არ ეთქმის და ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. 

სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა. ამას აღიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო რეიტინგები, სადაც ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს და ეს პირდაპირ ციფრებში და რეიტინგებში არის გამოხატული. ეს არის ფაქტი - სასამართლო არის დეპოლიტიზებული და სასამართლომ ხარისხობრივად გააუმჯობესა თავისი მუშაობა. თუმცა, გვაქვს უამრავი გამოწვევა, წილად გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა და ახლა გვჭირდება დრო, რომ ეს ყველაფერი გავაუმჯობესოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს", - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბიუროს სხდომაზე. 

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. რამდენიმე კანდიდატის დასახელებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. 

კომენტარები