პაატა იმნაძე ე.წ ღორის გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს - ვიდეო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპთან დაკავშირებით პაატა იმნაძის რეკომენდაციებს ავრცელებს. 

"ბოლო ორი კვირაა დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების მატება. ავადობა არის ისეთივე, როგორიც იყო შარშანწინ ამ დროს, მაგრამ მეტია, ვიდრე იყო შარშან ამ დროს. ეპიდემიურ ზღვართან ჯერ მიახლოებული არა ვართ, ზღვარი დაახლოებით 2-ჯერ მეტია საქართველოში. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ უმრავლესობა მოცირკულირე ვირუსებისა, ვისაც გრიპი აქვს, ყველა თითქმის არის H1N1 ვირუსით გამოწვეული. ძალიან იშვიათად არის H3N2 ვირუსით გამოწვეული გრიპის ვირუსები.",- ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, პაციენტისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი ვირუსია. ადამიანს ემართება გრიპი და "პირველი და ძირითადი ამ დროს არის ის რომ თუ ბავშვს 38 და ნახევარი და მეტი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც". 

"დანარჩენი ადამიანები, თუ ვთქვათ 3 დღე გრძელდება 38,5 და მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

ძალიან მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუკი ნახველში ოდნავ მაინც გაჩნდა სისხლის ნაწილაკები ან მოჩირქო ელემენტები. 

სხვა შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მშვიდ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა, მიიღოს ბევრი სითხე, ჯანსაღი საკვები",- ამბობს იმნაძე. 

მისივე თქმით, ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ანტიბიოტიკები ვირუსის დროს ეფექტური არ არის.

"ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგანაც ძირითადად ვირუსი ვრცელდება სწორედ ხელების საშუალებით",- აღნიშნა მან.  

შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები