ზვიად გამსახურდია

ომბუდსმენი: უნდა გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის გამოძიება

ზვიად გამსახურდია

სახალხო დამცველმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძების მასალები შეისწავლა.

შედეგების შესახებ დღეს ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.

მისი თქმით, აპარატმა საქმის 16 ტომი შეისწავლა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, ამსრულებლის და დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.

ფაქტობრივი მოკლე ინფორმაცია

საქმის მასალების თანახმად, ზვიად გამსახურდია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს. გარდაცვალების დროს გამსახურდია იმყოფებოდა სამეგრელოში, სოფ. ძველ ხიბულაში, ერთ-ერთი ადგილობრივი პირის ოჯახში. გასროლა მოხდა ღამის საათებში, როდესაც ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა საძინებელი ოთახში, საწოლში. გარდაცვალების დროისთვის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც იმყოფებოდა უშუალოდ ზვიად გამსახურდიას ოთახში; ასევე, დაცვის უფროსი რობერტ (რობიზონ) მარგველანი და დაცვის წევრი შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე[1], რომლებიც საქმის მასალების თანახმად, იმყოფებოდნენ გამსახურდიასა და გუგუშვილის საძინებლის გვერდით ოთახში. 

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა 1994 წლის 5 იანვარს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. 1994 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედრის გამოკვლევის გარეშე ქალაქ გროზნოში გადასვენების შესახებ შეთანხმება გაფორმდა ჩეჩნეთისა და საქართველოს სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებს შორის, გამსახურდიას ქვრივის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნების გათვალისწინებით.

ჩატარებული გამოძიების სამართლებრივი შეფასება

  • საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლინდა გამოძიების არაერთი ხარვეზი და საყურადღებო გარემოება, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა/შეეძლო მოეხდინა საქმის შედეგებზე:
  • გამოძიება დაიწყო 1994 წელს, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით - „საქმე გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე“. საქმე მკვლელობად დაკვალიფიცირდა მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 2015 წელს;
  • ცხედარი ისე გადაასვენეს 1994 წლის 17 თებერვალს ქალაქ გროზნოში[2], რომ სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სხეულზე არსებული სხვა შესაძლო დაზიანებების აღმოჩენის, მათი ხანდაზმულობისა და განვითარების მექანიზმის დადგენის მიზნით ექსპერტიზა არ ჩატარებულა;
  • სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა ზვიად გამსახურდიას გვამზე 1993 წლიდან 2007 წლამდე არ ჩატარებულა. ჩატარდა მხოლოდ 2007 წელს რუსეთის ფედერაციაში. თუმცა, შორს წასული გვამური მოვლენების (რბილი ქსოვილების არარსებობა) გამო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დადგინა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები;
  • 1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ არ მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების მიზნით. ასევე არ მომხდარა გვამის დათვალიერება;

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან გონივრულ ვადაში, როდესაც ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კრიტიკული აუცილებლობა იყო, არ მომხდარა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება:

  1. ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან გასროლილი ტყვიითაც გარდაიცვალა გამსახურდია
  2. ტყვიის გულა და მასრა
  3. საწოლის თეთრეული და ლეიბი, საბანი და ბალიში (ბალიში ამოღებულ იქნა 2004 წელს; ლეიბთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია საქმეში, ერთ-ერთი ვერსიით, იგი დაცვის წევრმა, მარგველანმა დაწვა)
  4. საწოლის დაფა და საწოლის წელი (საწოლის დაფა ამოღებულ იქნა მხოლოდ 2004 წელს და ექსპერტიზა ჩატარდა 2015 წელს. საწოლის წელი ამოღებულ იქნა 2015 წელს და მასზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა). ყურადსაღებია, რომ საწოლის დაფას აღენიშნებოდა დაზიანება
  5. გამსახურდიას ტანსაცმელი
  6. შემთხვევის ადგილის გონივრულ ვადაში დათვალიერების შემთხვევაში შესაძლოა ნანახი და ამოღებული ყოფილიყო საქმისთვის სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებებიც. მათზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების ჩატარების შედეგად კი გამოძიებას მნიშვნელოვანი მონაცემები ექნებოდა მოპოვებული
     
  • გამოძიების მიერ არ იქნა ამოღებული მარგველანისა და გვანცელაძის, ასევე გუგუშვილის იარაღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • 2015 წელს გამოძიებას პრეზიდენტის ქვრივის მანანა არჩვაძის მიერ წარედგინა „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც მანანა არჩვაძის განმარტებით, მას 2004 წელს გადასცა ერთ-ერთმა პირმა და განუმარტა, რომ ეს იყო ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ზვიად გამსახურდიამ მოიკლა თავი. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური, ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა ჩატარდა 2015 წელს. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზის დასკვნის თანახმად, პისტოლეტის სახელურზე და ჩამკეტის გარსაცმზე არსებული ბიოლოგიური პროფილები ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს. თუმცა აღნიშნული ორი პირის გამოძიების მიერ შემდგომ იდენტიფიცირება არ მომხდარა
  • ვინაიდან გამოძიების მიერ არ არის ამოღებული ტყვიის გულა და მასრა, ვერ ხდება დადგენა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა თუ არა გასროლა, რომლითაც გარდაიცვალა გამსახურდია;
  • შემთხვევის ადგილი დათვალიერდა მხოლოდ 1999 წელს. მიუხედავად ამისა, საქმეში არ დევს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოიპოვება მხოლოდ სქემატური ნახაზი და ფოტოები, რომელიც საქმეს დაერთო 2004 წელს. შემთხვევის ადგილი ასევე დათვალიერდა 2004 წელს და 2015 წელს, დათვალიერების ოქმები საქმეში დევს;
  • საქმეში მოიპოვება 2007 წლის შეფასება მტკიცებულებებში არსებული შეუსაბამობების შესახებ (არასაპროცესო დოკუმენტი), სადაც მითითებულია ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟისა და რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის[3] კომენტარის შესახებ. ექსპერტის განმარტებით, „14 წლის შემდეგ ძნელია იმის დადგენა, სახეზეა მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა. ამას სჭირდება რთული აპარატურა, რაც საქართველოს არ აქვს.“ მიუხედავად ამისა, საქმის გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს მხარეს არ უცდია სხვა სახელმწიფოების საექსპერტო დაწესებულებებისთვის მიმართვა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ქართულმა მხარემ მიმართა მხოლოდ კიევის საექსპერტო დაწესებულებას. თუმცა ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მხარემ საკვლევი ობიექტები არ წარუდგინა უკრაინის მხარეს და არც აღნიშნული დასკვნა დევს საქმეში.
  • გვამზე საჭირო სასამართლო-სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის მიზეზით დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რასაც ადგილი უნდა ჰქონდეს გასროლის დროს. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, გასროლის შემდეგ იმ პირის ხელზე, რომელიც ახორციელებს გასროლას, რჩება დენთის კვალი და სროლის წვის სხვა პროდუქტები. ზვიად გამსახურდიას გვამზე სასამართლო-სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ხელზე ასეთი ქიმიური ელემენტების აღმოჩენის ან არარსებობის შემთხვევაში მაღალი ალბათობით დადგინდებოდა ან გამოირიცხებოდა თვითმკვლელობის/მკვლელობის ვერსია;
  • პირველადი გამოძიება 1994 წელს 10 იანვრიდან 10 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.  გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს რაიმე რელევანტური საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ. 10 მარტს გამოძიება შეწყდა თითქოსდა თვითმკვლელობის დადგენის მიზეზით. თუმცა, საგამოძიებო მოქმედებებით სიკვდილის გარემოებები დადგენილი არ ყოფილა. გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო-სამედიცინო და სხვა ექსპერტიზები არ ჩატარებულა. შესაბამისად, პირველადი გამოძიება იყო ფორმალური და არც მისი შეწყვეტის საფუძველი არსებობდა, ვინაიდან გამოძიებამ ვერ გამორიცხა შესაძლო მკვლელობის ვარაუდი;
  • გამსახურდიასთან გარდაცვალების დროს მყოფი პირების დაკითხვა ჩატარდა დაგვიანებით (მარგველანი პირველად დაიკითხა 1997 წელს, გვანცელაძე 2004 წელს), ხოლო პრემიერ-მინისტრი გუგუშვილი დღემდე არ არის დაკითხული. გუგუშვილმა უარი განაცხადა გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. მას ფინეთში მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი. ქართულმა მხარემ სცადა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში 2015-2017 წლებში მისი დაკითხვა ფინეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, თუმცა, გუგუშვილმა ფინეთის პოლიციის ორგანოებს ელექტრონული ფოსტით აცნობა უარი დაკითხვაზე. ეს გადაწყვეტილება განმარტა იმ მოტივით, რომ საქართველოს მხარის მიერ დასმული შეკითხვები შეიცავს ფარულ კითხვებს და მათზე პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი პასუხები შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენონ. ასევე განმარტა, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა, რის შესახებაც მიცემული აქვს არაერთი ინტერვიუ და გამოცემული აქვს წიგნი;
  • საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არ იქნა გატარებული ღონისძიებები არსებითი მტკიცებულებების და შემთხვევის ადგილის დასაცავად.  არ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის, ტყვიის გულისა და მასრის მოძებნა და შენახვა, ასევე გამსახურდიას ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის, ლეიბისა და საბნის ხელუხლებლად დაცვა. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გამსახურდიას გვამი შემთხვევის ადგილიდან გადატანილ იქნა ლეიბით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, კი ლეიბი დაწვეს;
  • არ დაიკითხა 1994 წელს გამოძიების ზედამხედველი პროკურორი ანზორ ბალუაშვილი, რომლის დაკითხვის შესახებ 2004 წელს იყო საქმის იმჟამინდელი ზედამხედველი პროკურორის მითითება[4];
  • არ არის დაკითხული უშიშროების იმჟამინდელი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელსაც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, თითქოს მიღებული ჰქონდა გამსახურდიას ლიკვიდაციის დავალება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მისი ადგილსამყოფელის შესახებ (რუსეთი) არ მომხდარა დაკითხვის ჩატარების მიზნით რუსეთის ფედერაციისთვის სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართვა, ასევე, არ მომხდარა ინფორმაციის მატარებელი სხვა პირების დაკითხვა, ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით;
  • საქმეში იყო მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ მარგველანისგან, გვანცელაძისგან და გუგუშვილისგან გადმოცემით იცოდა შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები.  მისი ჩვენების ადგილზე შემოწმება ჩატარდა მხოლოდ 2004 წელს;
  • მარგველანისა და გუგუშვილის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი/ჩვენების ადგილზე შემოწმება საერთოდ არ ჩატარებულა;
  • საქმეში მითითებაა დოკუმენტურ ფილმზე „დინების საწინააღმდეგოდ“.[5] ფილმში ერთ-ერთი ექსპერტი წარმოადგენს ზვიად გამსახურდიას ცხედრისთვის 1994 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ  გამსახურდიას ჰქონდა სხვა დაზიანებაც, შესამჩნევად დიდი (ფოტოზე აჩვენებს ქვედა ყბის ქვედა მხარეს) და ამბობს, რომ ეს არის სავარაუდოდ მეორე დაზიანება. ასეთ შემთხვევაში თვითმკვლელობის ვერსია შესაძლოა გამორიცხულიყო. თუმცა, ვინაიდან გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა დაგვიანებით (მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღარ არსებობდა რბილი ქსოვილები), იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა მეორე გასროლას ან სხეულის სხვაგვარ დაზიანებას, რამაც მხოლოდ რბილი ქსოვილები დააზიანა, თავის ქალისა და სხვა ძვლოვანი ნაწილის დაზიანების გარეშე (რაც არ დადგინდა ექსპერტიზის შედეგად), შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და დასკვნის მოპოვება ექსპერტიზის ჩატარების დროს (2007 წელი) შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის მიმართ გარკვეული ეჭვების გაბათილება შეუძლებელი გახდა, რამდენადაც 2007 წლის შედეგ (საქართველოში გადმოსვენება) ქართულ მხარეს არ ჩაუტარებია გვამზე დამატებითი ექსპერტიზა. შესაბამისად, ხსენებულ დოკუმენტურ ფილმში ერთ-ერთი ექსპერტის მიერ გამოთქმული ვარაუდი არ არის დამაჯერებლად პასუხგაცემული. ამრიგად არ არის გამორიცხული გამსახურდიას მეორე დაზიანება ჰქონოდა თავზე, რისი დადასტურებაც საბოლოოდ გამორიცხავდა თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ვერსიებს;
  • 2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ შეისწავლა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები, გამოკითხა კონკრეტული პირები, გამოავლინა გამოძიებაში არსებული დარღვევები და შეიმუშავა კონკრეტული დასკვნები და შეფასებები. თუმცა, გამოძიების შედეგებზე არსებითი გავლენა არც ამ კომისიის საქმიანობას ჰქონია;
  • მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის შემდეგ დაინიშნა და ჩატარდა გამოძიების მიერ არაერთი ექსპერტიზა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დადგენისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოპოვებული  ვერ იქნა;
  • 2017 წლამდე არც ერთი ოჯახის წევრი არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ;
  • გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარდა 2018 წელსაც, ძირითადად მოწმეთა დაკითხვები. თუმცა, რაიმე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენა გამოძიების მიერ ვერ მოხერხდა.

დასკვნა

სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის/დადგენის მიზნით. არ მომხდარა სხვადასხვა ეტაპზე საქმის მწარმოებელი გამომძიებლებისა და პროკურორების დაკითხვაც ამ გარემოებების გამორკვევის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგეგმება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა და რომელიც მისცემს გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს:  

  1. გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით, გაანალიზდეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადამოწმდეს მათი ვერსიები;
  2. გამოძიების მიმდინარეობისას მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა (შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით);
  3. მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  4. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის ფაქტის გამოძიებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგების თაობაზე.

კომენტარები