ეკონომიკა

გიორგი ქობულია: 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 20%-ით არის გაზრდილი

საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდულ ზრდასთან ერთად, რომელმაც დაახლობით 8,7 მილიონი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე 20%-ით მეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე თქვა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. 

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა არამარტო ვიზიტორების, არამედ ტურისტების - ყველამ ვიცით, რომ ვიზიტორი არის ქვეყანაში ერთი დღით შემოსული ადამიანი, ხოლო ტურისტი არის ის ვიზიტორი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს რჩება. 2018 წელს საქართველოში შემოსული 8.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.  ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არამხოლოდ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ იზრდება მათგან მიღებული  შემოსავლებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები  უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი",-ამბობს ქობულია. 

მინისტრის თქმით, 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი (+80%), სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%), იტალია (+30%) და სხვა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.

კომენტარები