NASA-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში "როსკოსმოსის" ხელმძღვანელთან, დიმიტრი როგოზინთან, შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადადო.
2014 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, მიერ ამოქმედებული სანქცია იმ რუსი დიპლომატების მიმართ, ვინც ყირიმის ანექსიის პროცესში მონაწილეობდა, როგოზინსაც შეეხო. ანექსიის შედეგად, როგოზინს აშშ-ში ვიზიტი აეკრძალა.
USA Today-ის ცნობით, NASA-ს დირექტორმა ჯიმ ბრაიდენშტაინმა ამერიკელი კონგრესმენების ზეწოლით როგოზინის ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო.
"NASA-მ როსკოსმოსს შეატყობინა, რომ გენერალური დირექტორის, დიმიტრი როგოზინის, ვიზიტის გადადება, რომელიც 2019 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, აუცილებელია,"- განაცხადა ბრაიდენშტაინის პრესმდივანმა, მეგან ფაუერსმა.
როგოზინის ვიზიტთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები დემოკრატმა სენატორებმა მარკ უორნერმა და ჯინ შაჰინმა გააკეთეს. შაჰინა იმ კომიტეტშია, რომელიც NASA-ს აფინანსებს.
"ამერიკის გზავნილი კრემლისადმი უნდა იყოს ცალსახა - ქმედებას მოყვება უკუქმედება. ბრაიდენშტაინის მიერ დიმიტრი როგოზინის მოწვევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების მიმართ კრემლის აგრესიული კამპანიის წამყვანი არქიტექტორი იყო, ჩვენს გზავნილებს აუფასურებს და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველია" - თქვა შაჰინამ.
ყირიმის ანექსია