ტექდათვალიერება

წელს ტექდათვალიერება 8.617-მა მანქანამ გაიარა, ნახევარზე მეტი გამართულად ჩაითვალა

flickr.com

2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1 იანვრიდან დღემდე ტექდათვალიერება 8.617-მა მანქანამ გაიარა და მათგან 53%-ზე მეტი გამართულად ჩაითვალა. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ 46% პირველადი ინსპექტირების შედეგად დახარვეზდა, ხოლო 0.4%-ს ინსპექტირების ცენტრებმა გზაზე გადაადგილება თავიდანვე აუკრძალეს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ინსპექტირება 148.100-მა მანქანამ გაიარა და მათგან 68%-ზე მეტი პირველივე შემოწმებისას გამართული აღმოჩნდა, ხოლო 2.5%-ს გზებზე მოძრაობა აეკრძალა.

თუ ინსპექტირებისას ავტომობილი პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს ​ხარვეზის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე აქვს. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში 60 ლარია.

ტექდათვალიერების დროს ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით.

სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის ეკონომიკის სამინისტროში ცხელი ხაზიც მოქმედებს - 1484

კომენტარები