აშშ

ტრამპი: თუ კედელი ამორალურია, რატომ აშენებენ პოლიტიკოსები მას საკუთარი სახლების გარშემო

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: NBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან 2019 წლის პირველი სატელევიზიო მიმართვა ჩაწერა.

მან მთავრობის დახურვაზე და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე ისაუბრა. ტრამპს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია.

"ზოგიერთი მიანიშნებს იმაზე, რომ ბარიერი არარის მორალური. მაშინ რატომ აშენებენ მდიდარი პოლიტიკოსები კედლებს, ღობეებს და ჭიშკრებს საკუთარი სახლების გარშემო? ისინი კედლებს იმიტომ კი არ აშენებენ, რომ მათ მიღმა მყოფი ხალხი სძულთ, არამედ იმიტომ, რომ უყვართ ის ხალხი, ვინც ამ კედლებშია. ერთადერთი, რაც ამორალურია, არის ის, რომ პოლიტიკოსებმა არაფერი გააკეთონ და ამით ხელი შეუწყონ უდანაშაულო ადამიანების გაწირვას." თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით სამხრეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა ჰუმანიტარული კრიზისია და აშშ-ში გაყიდული ჰეროინის 90% მექსიკიდან შემოდის. მისივე თქმით კედლის მშენებლობის ხარჯები ახალი სავაჭრო შეთანხმებიდან დაიფარება, რომელიც მან გასულ წელს კანადასთან და მექსიკასთან გააფორმა, თუმცა ძალაში ჯერ არ შესულა.

"ეს ჰუმანიტარული კრიზისია - გულის და სულის კრიზისი... დემოკრატების მოთხოვნით ეს იქნება ფოლადის ბარიერი და არა ბეტონის კედელი. ეს ბარიერი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებისათვის... სასაზღვრო კედელი მალევე დაფარავს საკუთარ ხარჯებს. არალეგალური ნარკოტიკის ხარჯი წელიწადში 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ბევრად აღემატება 5.7 მილიარდს, რომელიც კონგრესისგან მოვითხოვეთ. კედელი არაპირდაპირი გზით იმ ახალი შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებიდან დაფინანსდება, რომელიც მექსიკასთან გავაფორმეთ... ფედერალური მთავრობა მხოლოდ ერთი მიზეზითაა დახურული: დემოკრატები არ აფინანსებენ სასაზღვრო უსაფრთხოებას... სიტუაცია 45-წუთიანი შეხვედრით შეიძლება გადაწყდეს.. იმედი მაქვს, რომ პარტიულ პოლიტიკას გავცდებით, რათა ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ... კიდევ რამდენი ამერიკელის სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ კონგრესმა თავისი საქმე გააკეთოს?" თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სახლის გარშემო კედელი აქვს აშენებული და აშშ-საც სწორედ ეს სჭირდება:

"პრეზიდენტმა და ქალბატონმა ობამამ ვაშინგტონში საკუთარი სახლის გარშემო 3 მეტრიანი კედელი ააგეს. ვეთანხმები, აუცილებელია მათი უსაფრთხოებისათის. აშშ-საც მსგავსი რამ სჭირდება, ოდნავ უფრო დიდი ვერსია!"

ტრამპი კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკებებს დღეს გამართავს, ხვალ კი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით სასაზღვრო ზონას ესტუმრება.

აშშ-ში მთავრობა უკვე 18 დღე ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები