ქართული ოცნება

ფოფხაძე: ჩემი გუნდი ის ხალხია, ვინც ციხეში სანთლით ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის

facebook.com/parliamentgeo

ქართული ოცნების წევრი, გედევან ფოფხაძე გუნდურობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას აფასებს. 

დეპუტატი ამბობს, რომ მისი გუნდი "ის ხალხია, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდა საარჩევნო უბნებთან". 

"გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალურები არიან ამ სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად წინააღმდეგები ვართ. რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდა საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არასდროს მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ  ადამიანებთან არ შეგვიცვლია, იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერ-მოსამართლების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები", - ამბობს ფოფხაძე. 

ის ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, სწორედ ამ გუნდს და პრინციპებს უერთგულოს. 

"მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყელაფერი, რატომ იდგა ხალხი ჩვენ გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. სამართლიანობა იყო ყველაზე მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტები იყვნენ კანონის დარღვევის, ციხეებში არ ზიან, თუმცა მგონია, რომ მათ შორის ბევრი ციხეში უნდა იჯდეს. მე მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, იმ სასჯელებს უნდა იხდიდნენ, რომელსაც იმსახურებენ, რადგან სისტემურ დანაშაულში ჩვეულებრივი თანამონაწილეები იყვნენ", - თქვა მან. 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ "მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად". 

ივანიშვილის აზრით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. 

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. მან კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თავის შემცვლელად გედევან ფოფხაძე დატოვა, თუმცა, ის ქართულმა ოცნებამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან რამდენიმე დღეში გაიწვია. 

კომენტარები