სიტყვის თავისუფლება

კობახიძე: უნდა ვიმსჯელოთ ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცილისწამებაზე კანონის საჭიროების შესახებ პრეზიდენტის მოსაზრებას ეთანხმება.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემა სახეზეა და საუბარია არამხოლოდ ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზეც.

"​აქ საუბარია იდეის დონეზე იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე, ხო? ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ცილისწამების კანონის საჭიროების საკითხი მეორედ დააყენა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თემაზე აუცილებელია ფართო დისკუსიები. მისივე თქმით, ცილისწამების შესახებ კანონი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლებასთან.

პირველი განცხადება ამ თემაზე პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვის დროს გააკეთა. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქის ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობაში ცილისწამება 2004 წლამდე არსებობდა. თუმცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონით ქვეყანა გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტზე გადავიდა და ეს ცნება ამოიღო. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ცილისწამება საერთოდ არ არის დასჯადი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ყველას შეუძლია იჩივლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები