წითელა

გამყრელიძე: ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, "ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა". მისი ინფორმაციით, 1-16 იანვარს ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების შემთხვევათა 56% 20-40 წლამდე ასაკის პირებზე მოდის. 

"წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას" - აცხადებს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ აცრებს სახელმწიფო აფინანსებს და ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის, წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო.

ცნობისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. მათ შორისაა აცრა B ჰეპატიტზე, ბსჟ-ზე, დიფთერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, პოლიომიელიტზე და ა.შ.

აქვე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს წითელას შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. წითელას ეპიდემიური აფეთქებები მსოფლიოს ყველა რეგიონში მოხდა და სიკვდილის 110 000-მდე შემთხვევა გამოიწვია. 

WHO-ს მონაცემებითვე, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებშიც ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ ექვს თვეში 1000-ს გადააჭარბა. 

წითელას შემთხვევების ზრდა პრობლემურია, თუმცა არა გასაკვირი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინფექციის დაბრუნების მიზეზებად ასახელებს თვითკმაყოფილებას, ევროპაში ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას, ვენესუელას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს და აფრიკაში იმუნიზაციის დაფარვის დაბალი დონეს. 

წითელასთან დაკავშირებით ვრცლად შეგიძლია წაიკითხოთ სტატიაში: როგორ ვებრძოლოთ წითელას - პასუხი ყველა კითხვაზე.

კომენტარები