მერია: ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

სასტუმრო ბუტაპეშტის დამფუძნებლები დღეს მერიის წარმომადგნელებს შეხვდნენ. მერიაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მფლობელს სასტუმროს მშენებლობის მოქმედი ნებართვა აქვს, ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2013 წელს არის გაცემული და მერია ცდილობს მფლობელთან შეთანხმების მიღწევას ან პარამეტრების ან ადგილის შეცვლაზე, თუმცა ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. მფლობელები კი ამბობენ, რომ მათთვის მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია. "მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები ჩვენთვის მიუღებელია" - ამბობს ზაქაიძე. 

"ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა მაშინდელმა მერმა და ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და  ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშნებლობის ნებართვის მოთხვონის უფლება აქვს, აქვს უფლება მოითხოვოს 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. ეს არის ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად.  განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ მფლობელი არ თანხმდება არც ადგილის შეცვლაზე არც პარამეტრების შემცირებაზე თვლის საკმაოდ მყარად თავის თავს, რადგან ხელში უჭირავს სასამართლო გამოვლილი, ძალაში მყოფი, სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცა 2013 წელს. ვაკის პარკი არის უნიკალური ადგილი, მსგავსი მეორე თბილისში არ გვაქვს და ჩვენ მის გაუბედურებას ხელს ვერ შევუწყობთ თუნდაც დაგვჯდეს ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად. ჩვენ იქ სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება არ არის მიღწეული.  " - ამბობს ირაკლი ხმალაძე. 

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

კომენტარები