კალაძე სასტუმრო ბუდაპეშტზე: უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი

"უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი" - თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის საკითხს ეხმაურება. კალაძე ამბობს, რომ ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში კატეგორიულად მიუღებელია. 

"მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ბატონმა უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი გახლდათ, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, 8-9 სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით ყველა და ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია."- ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, მერია ინვესტორს სთავაზობსს, ან ადგილმონაცვლეობას, ან შენობის ზომების შეცვლას. 

"ჩვენ ორი წინადადება შევთავაზეთ ინვესტორს, რომელზეც უარი განაცხადა. ეს იყო ადგილმონაცვლეობის საკითხი ან აღდგენილიყო იგივე შენობა, რესტორანი "ბუდაპეშტი", რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა. აღდგენილიყო იგივე ზომებში და მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ. უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება შეხვედრა დედაქალაქის მერიაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მწვანე სივრცეში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა." - ამბობს კალაძე.

როგორც ცნობილია სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელი მერიის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარს ამბობს. გუშინ მერიაში მაგართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ მისთვის მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია. ზაქაიძე ამბობს, რომ მას მშენებლობის ნებართვა აქვს. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი, თბილისი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობდა, რომ მიუხედავად მოქმედი ნებართვისა, ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ. 

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

 

 

კომენტარები