ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უეს მიტჩელმა თანამდებობა დატოვა

უეს მიტჩელი
AFP

ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უეს მიტჩელმა თანამდებობა დატოვა.

მიტჩელმა გადადგომის წერილი სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს გაუგზავნა. ის პოსტს 15 თებერვალს დატოვებს.

"ეს ადმინისტრაცია უკვე ორი წელია მუშაობს და მე ვგრძნობ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რასაც ვაპირებდი ამ პოზიციაზე. შესაბამისად მიმაჩნია, რომ დრო მოვიდა მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს, რომლებმაც ბევრი დღე გაატარეს უჩემოდ უკანასკნელი თვეების მანძილზე." წერია წერილში.

მიტჩელმა ინტერვიუში თქვა, რომ გადადგომის ორი მთავარი მიზეზია "ერთს უესლი ჰქვია, მეორეს კი შარლოტა." მისივე თქმით ის პოსტს ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად არ ტოვებს:

"სრულად ვუჭერ მხარს პომპეოს, იმ საქმეს, რასაც ის აკეთებს და მის გუნდს. მაგრამ მიმაჩნია, რომ გავაკეთე ის, რისთვისაც მოვედი. ჩემს შვილებს უფრო ეკუთვნით ჩემი დრო, ვიდრე საზოგადოებას." თქვა მან.

მიტჩელი პოსტს 16 თვის მანძილზე იკავებდა. ის 50 ქვეყანასთან აშშ-ის ურთიერთობებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის NATO-ს და ევროკავშირის ქვეყნებთან და საქართველოსთან. მიტჩელს მთავარ მიზნად რუსეთისა და ჩინეთის გავლენების გაძლიერების შეკავება მიაჩნდა, რაზეც არაერთხელ უსაუბრია.

მათ შორის ბათუმში, ნატო-საქართველოს დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას, რომელშიც მან კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დააფიქსირა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციისადმი მხარდაჭერა. მაშინ მიტჩელმა თქვა:

"სანამ რუსეთი აირჩევს მშვიდობას, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ მათ ზეწოლას, სადაც კი შეგვხვდება. ევროპაში რუსეთის გავლენებისათვის წინააღმეგობის გასაწევად დასავლეთის ერთიანობაა საჭირო. ერთად უნდა ვიმუშავოთ რათა გამოვავლინოთ და ვებრძოლოთ რუსეთის ჩარევას ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. არც ერთმა ქვეყანამ არ იცის საქართველოზე უკეთ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების და მის შესაჩერებლად გრძელვადიანი სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ."

მიტჩელი სახელმწიფო დეპარტამენტს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან შეუერთდა. მას დაწერილი აქვს წიგნი  "The Unquiet Frontier", რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას ამ პოსტზე.

კომენტარები